გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი ღვინის რეალიზაციის წესი დაამტკიცა.
ამის შესახებ მინისტრის 24 დეკემბრის ბრძანებაშია აღნიშნული. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ღვინის კომპანიებზე, მათ შორის ბითუმად და საცალოდ მოვაჭრე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
„ღვინის მწარმოებელი კომპანია და ბითუმად მოვაჭრე, ღვინის რეალიზაციისას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ თანმხლები დოკუმენტების შესაბამისი პირისთვის გადაცემა. საცალოდ მოვაჭრე კი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ღვინის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან; ბ) მომხმარებელს მიაწოდოს უვნებელი პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) უზრუნველყოს ღვინის ხარისხის შენარჩუნება და მისი მაჩვენებლების შესაბამისობა ლაბორატორიული გამოცდის ოქმსა და შესაბამისობის დეკლარაციაში ან შესაბამისობის სერტიფიკატში მითითებულთან, ღვინის რეალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში; დ) იქონიოს ღვინის თანმხლები დოკუმენტები; ე) მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მომხმარებელს ლაბორატორიული გამოცდის ოქმი და შესაბამისობის სერტიფიკატი ან შესაბამისობის დეკლარაცია და მიაწოდოს სრული ინფორმაცია ღვინის წარმომავლობის შესახებ,“-აღნიშნულია ბრძანებაში. ამასთან, სარეალიზაციო ღვინის თანმხლები დოკუმენტების ქონაზე სრული პასუხისმგებლობა საცალოდ მოვაჭრეს ეკისრება.