2018 წლის ბიზნეს გარიგებები მსოფლიოში

მიმდინარე წელს მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნესგარიგება შედგა. „ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნეს-სუბიექტებს შორის მიღწეული შეთანხმებების ნაწილს გთავაზობთ:

Volkswagen- ი Ford-თან ალიანსს ქმნის

მიმდინარე წელს ცნობილი გახდა, რომ გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი და ამერიკული ავტოკორპორაცია Ford Motor Company-ი ალიანსს ქმნიან. ამის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დისმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ალიანსი Ford-ს მისცემს საშუალებას, გაიმყაროს პოზიციები ევროპის ბაზარზე. მისივე თქმით, Volkswagen-ს შეუძლია ამ შეთანხმების შედეგად გაზარდოს საკუთარი წარმოება შტატებში Ford-ის ქარხნების გამოყენებით.

AT&T-იმ Time Warner-ი 81 მილიარდ დოლარად იყიდა

კორპორაცია AT&T Inc-იმ მედია კომპანია Time Warner Inc-ის შეძენაზე შეთანხმება დახურა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გაცხადდა, რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტრო ხელს ვერ შეუშლიდა აღნიშნული შენაძენის განხორციელებაში. შედეგად კი AT&T ლეგენდარული კინოკომპანია Warner Bros-ისა და ტელეკომპანიების CNN-ისა და HBO- მფლობელი ხდება.

ცნობისთვის, ამერიკის ფედერალურმა საოლქო სასამართლომ, ამერიკის იუსტიციის სამინისტროს სარჩელი განხილვაში არ მიიღო, რომელიც ითხოვდა აღნიშნული შესყიდვის აკრძალვას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, თუმცა სასამართლომ ამის საშიშროება ვერ დაინახა და კომპანიებს შერწყმის უფლება მისცა.

AT&T-მ Time Warner-ის შეძენის სურვილის შესახებ 2016 წელს გამოაცხადა. შეთანხმების მოცულობა, რომლის გადახდაც მოხდება აქციებითა და ფულადი სახსრებით, დაახლოებით 81 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Amazon-მა ონლაინ აფთიაქი PillPack შეიძინა

მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ მაღაზიამ, კომპანია Amazon-მა ონლაინ-აფთიაქი PillPack შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა. როგორც Bloomberg-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, გარიგების თანხამ სავარაუდოდ, 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

Starbucks-ი და Alibaba სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

ამერიკულმა კომპანია Starbucks-მა, რომელიც მსოფლიოში ყავახანების უმსხვილეს ქსელს ფლობს, და ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა კომპანია Alibaba Group Holding-მა 2018 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს.

შეთანხმების თანახმად Starbucks-ი ითანამშრომლებს კომპანია Alibaba-ში შემავალ საკვანძო კომპანიებთან, მათ შორის, კვების მიწოდების სერვისის კომპანია Ele.me-სთან, სუპერმარკეტების ქსელ Hema-სთან და ასევე კომპანიებთან Tmall, Taobao და Alipay-სთან.

ჰოლდინგი Comcast-ი Sky-ის ყიდულობს

მიმდინარე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული კონგლომერატი Comcast Corp-ი ბრიტანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Sky plc-ის (რომელიც ფლობს ტელეკომპანია Sky News-ს) შეძენას გეგმავდა. Bloomberg-ის ცნობით, გარიგების თანხა 39 მილიარდი დოლარია.

ამ აქტივმა უნდა გაამყაროს Comcast-ს პოზიციები Netflix-თან და Amazon-თან ბრძოლაში. 2018 წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაფართოვდეს ამერიკის ფარგლებს გარეთ, რათა გახდეს გლობალური ლიდერი სატელეკომუნიკაციო სფეროში.

ამერიკულმა Michael Kors-მა მოდის სახლი Versace იყიდა

იტალიური მოდის სახლის Versace მფლობელი ამერიკული Michael Kors-ი გახდა. ბრენდი 2.1 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, კომპანიის 80% Versace -ს ოჯახის წევრებს ეკუთვნის, ხოლო 20% კომპანია Blackstone-ს.

შეგახსენებთ, რომ Michael Kors-მა 2017 წელს 1,2 მლრდ დოლარად ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Jimmy Choo Plc შეიძინა. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანია მრავალპროფილიანი მოდების სახლის აშენებას გეგმავს.

ჩინური „ჯილის“ შეფი გერმანული „დაიმლერის“ უმსხვილესი აქციონერი გახდა

ჩინურ საავტომობილო კომპანია „ჯილის“ მფლობელი და მთავარი აღმასრულებელი, ჩინელი ბიზნესმენი ლი შუფუ „დაიმლერის“ აქციების 9.69 პროცენტის მფლობელი გახდა. ამგვარად, ის გერმანული ინდუსტრიული გიგანტის უმსხვილესი აქციონერია. მის ხელთ არსებული პაკეტის ფასი 9 მილიარდი დოლარია.

ცნობილია, რომ „ჯილის“ „დაიმლერთან“ ალიანსის შექმნა სურდა, რაც მისთვის გერმანული გიგანტის ელექტრომობილების ტექნოლოგიებს ხელმისაწვდომს გახდიდა.

ცნობისათვის, „დაიმლერის“ ჯგუფის მთავარი მარგალიტი „მერსედეს-ბენცი“ და მისი ქვე-ბრენდებია. აქამდე „დაიმლერის“ უმსხვილესი აქციონერი, კუვეიტის საინვესტიციო კომპანია იყო, რომელსაც აქციების 6.8 პროცენტი ეკუთვნის.

Nestle-მ Starbucks-ის პროდუქციის გაყიდვის უფლება მოიპოვა

საკვები პროდუქციის უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ შეთანხმებას მიაღწია Starbucks-თან, რომლის თანახმად კომპანიამ Starbucks-ის პროდუქციის რეალიზებაზე გლობალური უფლება მოიპოვა. როგორც Bloomberg წერდა, შეთანხმების ოდენობამ 7,15 მილიარდი დოლარი შეადგინა და შვეიცარულმა კომპანიამ უფლებები უვადოდ მიიღო. Nestle-ში სამუშაოდ Starbucks-ის 500 თანამშრომელი გადავიდა. ამასთან, კომპანიას მიეცა უფლება გამოიყენოს ბრენდის სახელი ყავის აპარატების კაპსულების Nespresso-სა და Dolce Gusto-ს წარმოებაში. ამასთან, შეთანხმება არ ითვალისწინებს Starbucks-ის მოხმარებისთვის მზა პროდუქციის გაყიდვების უფლებას.

Coca-Cola-მ ყავახანა Costa Сoffee 5 მილიარდ დოლარად იყიდა

წლის ერთ-ერთი მსხვილი გარიგებაა Coca-Cola-ს მიერ ყავახანა Costa Сoffee-ს შეძენა. როგორც შეთანხმების მიღწევის შემდეგ Costa Сoffee-ს მფლობელ კომპანია Whitebread-ში განაცხადეს, გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ერთხმად მიიღო.

"Costa აძლევს Coca-Cola-ს ახალ შესაძლებლობებს და ცოდნას ყავის მიმართულებით და ჩვენი სისტემა იძლევა საშუალებას, მსოფლიოს მასშტაბით მოხდეს ბრენდ Costa-ს გაზრდა. ცხელი სასმელები - ეს არის ის ერთ-ერთი მცირე სეგმენტი, რომელშიც Coca-Cola არ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდად. Costa გვაძლევს ჩვენ წვდომას ამ ბაზარზე მისი მძლავრი პლატფორმის საშუალებით“ - განაცხადა Coca-Cola-ს მთავარმა მმართველმა ჯეიმს ქუინსიმ. ცნობისათვის, Whitbread-მა Costa 1995 წელს 10 მილიონ დოლარად შეიძინა.

Disney-მ 21st Century Fox-ი იყიდა

2018 წლის ყველაზე მსხვილ გარიგებად Disney-ის მიერ 21st Century Fox-ის ყიდვა შეიძლება დასახელდეს. გარიგებაში Disney-მ 71 მილიარდი დოლარი გადაიხადა. ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ გარიგებაზე თანხმობა იმ პირობით გასცა, თუ Disney უარს იტყვის Fox-ის კუთვნილი 22 რეგიონალური სპორტული აქტივის ფლობაზე და გაყიდის მათ. შეგახსენებთ, 21st Century Fox-ის აქტივების შეძენაზე პრეტენდენტი იყო ასევე ამერიკული სატელეკომუნიკაციო კონგლომერატი Comcast-ი, თუმცა საბოლოოდ Disney-იმ მეტი თანხის შეთავაზებით გაიმარჯვა.

თაია არდოტელი