„ამ ეტაპისთვის ყოველი მეორე ავტომობილი პირველად ტექინსპექტირებას ვერ გადის"

არსებული მონაცემებით, ამ ეტაპისთვის ყოველი მეორე ავტომობილი ფაქტიურად პირველად ტექინსპექტირებას ვერ გადის, - ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვაჟა იორდანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოში ინსპექტირების აკრედიტებული 40 ცენტრია, რომელიც 26 ლოკაციაზეა წარმოდგენილი. მთლიანობაში ამ ცენტრებს 89 ინსპექტირების ხაზი აქვთ, მათგან 29 ხაზი თბილისშია განთავსებული.

იორდანიშვილის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაემატება კიდევ 49 ხაზი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს მიერ 20 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერით არის განსაზღვრული. იორდანიშვილის თქმით, არსებული ხაზები საკმარისია, რომ არსებული მოთხოვნა ტექინსპეტირებაზე სრულად დააკმაყოფილონ და 1-ელი იანვრიდან რიგები არ იყოს.

„მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე ინსპექტირება გაიარა 135 ათასმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ, მათგან 95 ათასი მიჩნეულია ვარგისად, ხოლო 40 ათასი უარგისად. ეს პროცენტებში დაახლოებით 70–30–ზეა. ანუ ინსპექტირებას 30% ვერ გადის. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ განმეორებითი ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დახარვეზების პროცენტი უფრო დაბალია და დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ამ ეტაპისთვის ყოველი მეორე ავტომობილი ფაქტიურად ვერ გადის პირველად ინსპექტირებას. მნიშვნელოვანია, მძღოლებმა ყურადღება მიაქციონ ისეთ ნიუანსებს, რაც არ გამოიწვევს ავტომობილის პირველად დახარვეზებას. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიზუალურად მძღოლს შეუძლია თავად შეამოწმოს ავტომობილი მაშუქ ფარებზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანია დახარვეზების დროს. ასევე, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ საბურავებს – პროტექტორის სიღრმე შესაბამის ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს. საბურავებს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე პროტექტორის ნახატი – სხვადასხვა ტიპის საბურავები დაუშვებელია. შემოწმებული უნდა იყოს წინა სავარძლის უსაფრთხოების ღვედებიც. ეს არის ის ხარვეზები, რაც შეუძლია მძღოლმა საკუთარი შესაძლებლობებით აღმოაჩინოს. ამის შემდეგ ავტომობილი სხვა ხელსაწყოზე მოწმდება“, – განაცხადა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მძღოლს აქვს ერთთვიანი პერიოდი, რათა პირველადი დახარვეზების შემდეგ უწესრიგობა აღმოფხვრას. მისივე განცხადებით, დახარვეზებული 40 ათასი სატრანსპორტო საშუალებიდან განმეორებით ინსპექტირებაზე მხოლოდ 28 ათასი მივიდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ 12 ათასი ავტომობილი დღეს დადის გზებზე და ისინი გაუმართავია. ცხადია, მნიშვნელოვანია მომენტი იქნება გზებზე მათი მონიტორინგი. გეტყვით, რომ გზებზე მონიტორინგს მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი აწარმოებს. ალბათ, ეს საკმარისი არ არის – გამოვლენილი იყოს ისეთი ტიპის ავტომობილები, რომელთაც ინსპექტირების ვადები დარღვეული აქვს. ალბათ, საჭიროა სხვა ტექნოლოგიების გამოყენება, მაგალითად, ჭკვიანი ვიდეოკამერები, რომელიც უზრუნველყოფენ ასეთი ტიპის ავტომობილების გამორჩევას. ასევე, საჭიროა დაიდგას ინდიკატორები, რომლებიც გამონაბოლქვში ჭარბი მავნე ნივთიერებების გამოყოფას განსაზღვრავენ და შესაძლებელი იქნება ასეთი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების იდენტიფიცირება“, – განაცხადა ვაჟა იორდანიშვილმა.