საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მშობლებს მოუწოდებს, საახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას პროდუქციაზე დატანილ ინფორმაციას სათანადოდ გაეცნონ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი ჯანგებაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საახალწლოდ პიროტექნიკის გამოყენების დროს შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, პიროტექნიკურ ნაწარმზე არსებული ინფორმაციის შესაბამისად მოახდინონ ბავშვების ინფორმირებაც, რაც პიროტექნიკით მოზარდების დაზიანების შემთხვევებს შეამცირებს.
ჯანგებაშვილის განმარტებით, პიროტექნიკის გასროლისას დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. მისივე თქმით, გასროლიდან დაყოვნების დრო 10 წამზე მეტს თუ აჭარბებს, ეს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებულ წარწერაზე აუცილებლად აღნიშნული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე განცხადებით, ბავშვი ამ ნაწარმის დათვალიერებას იწყებს, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში, გასროლა ხდება.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან ყველა დახლთან მისვლა და თითოეული პიროტექნიკის შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივესალმები საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივას, რომლიც უკვე კანონად იქცა და რომლითაც პიროქტნიკის მცირეწლოვან ბავშვებზე მიყიდვა იკრძალება. ეს ქმედება ჯარიმით ისჯება. ეს პრევენციაა. რეალიზატორი პასუხისმგებელია მოახდინოს პიროტექნიკის გადარჩევა. ვიცით, რომ პიროტექნიკა უცხოეთიდან შემოდის. აუცილებელია, კონტროლი განხორციელდეს საბაჟოზე. შემოტანის დროს მოხდეს დოკუმენტაციის შემოწმება, თუ როდის დამზადდა. მასზე უნდა იყოს აღნიშნული შენახვის პირობები. ასევე, ტრანსპორტირების პირობები. დაზიანებული საქონელი კი მოვაჭრემ რეალიზაციაში არ უნდა გაუშვას“, – განაცხადა ჯანგებაშვილმა.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მხრიდან საახალწლო და სხვა სადღესასწაულო დღეებში უსაფრთხოების წესები დამატებით მკაცრდება. სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწმდება ის ობიექტები, სადაც მასობრივი ღონისძიებები იმართება. ძირითადი აქცენტი კეთდება საბავშვო ბაღებსა და სკოლებზე, სადაც, წლის ბოლოს, საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები იმართება. ყველა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელია ინფორმირებული, რომ პიროტექნიკის შენობა-ნაგებობებში გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია.