ტოკიო „ვეშაპების მრეწველობის კომისიას“ ტოვებს

იაპონიის ხელისუფლება დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ მომავალ წელს „ვეშაპების მრეწველობის საერთაშორისო კომისიას“ დატოვებს, სადაც გაწევრიანებული არიან ქვეყნები, რომლებიც ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობის სრულად აკრძალვას ემხრობიან.

ამის შესახებ იაპონური სააგენტო „კაიდო“ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, იაპონია ამიერიდან არ აპირებს ვეშაპების რეწვას ანტარქტიკის წყლებში, არამედ ამ საქმიანობას განაგრძობს ექსკლუზიურად მის ეკონომიკურ ზონაში. ამ დროისთვის სწორედ ანტარქტიკაში იმყოფება იაპონური ფლოტილია, რომელიც ხუთი სპეციალიზირებული ხომალდისგან შედგება, რომელთაც 330 ვეშაპის მონადირება შეუძლია.

2014 წელს გაეროს საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში ტოკიოსგან მოითხოვა შეწყვიტოს ვეშაპების განადგურების პროგრამა, ვინაიდან ის არ ტარდება სამეცნიერო მიზნით, არამედ მას აქვს კომერციული მიზანი. მაშინ იაპონიის ხელისუფლებამ პასუხად განაცხადა, რომ მესამედით შეამცირებდა პროგრამას, თუმცა განაგრძობდა რეწვას. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კომისიამ უარყო, შედეგად კი ტოკიომ მიანიშნა, რომ დატოვებდა ორგანიზაციას.

როგორც ცნობილია, იაპონიამ 1986 წელს საერთაშორისო მორატორიუმის შედეგად შეწყვიტა ვეშაპებზე ნადირობა კომერციული მიზნებით. თუმცა ის პერიოდულად ნაწილობრივ აღადგენდა მას, და ხსნიდა ამას ვეშაპების მიგრაციის გზების, რაციონისა და სხვადასხვა სამეცნიერო ფაქტორების შესწავლით. ამასთან, მოკლული ევშაპების ხორცი იაპონურ რესტორნებში და სუპერმარკეტებში ხელმისაწვდომია, რაც მის მოწინააღმდეგეებს აძლევს საფუძველს, დაეჭვდნენ იაპონიის სამეცნიერო მიზნებში.

ამ დროისთვის კომისიაში შემავალი 48 წევრი ქვეყანა ვეშაპებზე ნადირობის კატეგორიულად წინააღმდეგია, მათ შორის არიან ავსტრალია და ბრაზილია, ხოლო 41 ქვეყანა მის განახლებას ემხრობა, მათ შორის არიან იაპონია და ნორვეგია.

კოკა კვირკველია