ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა

მიუხედავად იმის, რომ OPEC-მა და მისმა არაწევრმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვა გადაწყვიტეს, ნავთობის ფასი მაინც ვარდნას აგრძელებს. ამის მთავარი მიზეზი, გლობალური ეკონომიკის ზრდის შესაძლო შეფერხებასთან დაკავშირებული ეჭვებია.

გარდა ამისა, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უარყოფითად იმოქმედა აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივმა შეჩერებამ. ამას შედეგად მოჰყვა გაურკვევლობა ფინანსურ ბაზარზე, ამან კი ერთგვარი დომინოს ეფექტი გამოიწვია, რაშიც ნავთობის და სხვა სასაქონლო ბაზრებიც მოყვა.

ყოველივე ამის მიუხედავად, დღეს შუადღისთვის, ბრენტ მარკის ნავთობის ფასი 70 ცენტით, 51.17 დოლარამდე გაიზარდა. გუშინ ფასი 49.93 დოლარამდე იყო შემცირებული, რაც 2017 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წინა სესიაზე ფასი 6.2 პროცენტით დაეცა! ამერიკული საშუალოს ფასი 68 ცენტით, 43.21 დოლარამდე შემცირდა.

კომპანია „პეტრომატრიქსის“ ანალიტიკოსი ოლივერ ჯეკობი თვლის, რომ ნავთობის ფასის ვარდნა დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან OPEC-ს უფრო მაღალი ფასები სჭირდება და ამ მიმართულებით მოქმედებს.

ფასის მკვეთრი ცვლილების ერთი მიზეზი ისიცაა, რომ საშობაო არდადეგებზე ვაჭრობა მცირე მოცულობით განხორციელდა და ამ სიტუაციაში, მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსები რთულია. დახურული იყო ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ბაზრები.