„სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელი - სატარიფო მეთოდოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რა გადაწყვეტილებაც სემეკ-მა მიიღო

გვაქვს პრინციპული შეუთანხმებლობები არა კონკრეტულ თანხებთან დაკავშირებით, არამედ პრინციპებთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო თუ არა ესა თუ ის კომპონენტი ასახული ტარიფში, -ამის შესახებ „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელმა, მარიკა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, სადაც ბუნებრივი გაზის ტარიფთან დაკავშირებით იმსჯელეს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მიმართავს თუ არა კომპანია სასამართლოს, ან რა ზომებს მიიღებს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც „სოკარ ჯორჯია გაზი“ სემეკიდან ტარიფის კალკულაციის შესახებ დეტალურ მონაცემებს გამოითხოვს.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს მოხდა სატარიფო განხილვა ჩვენს მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე. კომისიის საბოლოო კალკულაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში, შესაბამისად, ის პრეტენზიები, რაც ჩვენ გვქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს წარმოვადგინეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეტალურად ეს საკითხი არ განგვიხილავს დროის უქონლობის გამო. ჩვენი პრეტენზიები დავაფიქსირეთ კომისიის სხდომაზე, მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და დაადგინა ტარიფი. რაც შეეხება ტარიფს და მის კონკრეტულ კალკულაციას, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია თუ რა მონაცემებია სატარიფო კალკულაციაში, როგორც კი გამოვითხოვთ ინფორმაციას და გვექნება შეფასების საშუალება, გავაკეთებთ განაცხადებას.

გვაქვს პრინციპული შეუთანხმებლობები არა კონკრეტულ თანხებთან დაკავშირებით, არამედ პრინციპებთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო თუ არა ესა თუ ის კომპონენტი ასახული ტარიფში. აქ არის სახელფასო დანახარჯების ნაწილი, რეგულირების და აქტივების თემა და ა.შ. სულ 10 საკითხია. პრინციპული შეუთანხმებლობა გვაქვს მიდგომებთან მიმართებაში, ჩვენ ვთვლით, რომ სატარიფო მეთოდოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რა გადაწყვეტილებაც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. სასამართლოსთან დაკავშირებით კომპანიას არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. როგორც კი სრული კალკულაცია იქნება გამოთხოვილი ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რეგიონებსა და თბილისში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება.

კერძოდ, იმ რეგიონებში, სადაც „სოკარ ჯორჯია გაზი" ოპერირებს, ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი 0.011 თეთრით მცირდება. რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც „საქორგაზი" ოპერირებს, იქ ტარიფი 0.012 თეთრით შემცირდა, დედაქალაქში კი ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.