„რეზონანსი" - უცხოელებზე მიწის გაყიდვა უკიდურესად მკაცრდება, მაგრამ სპეციალისტები სრულებით აკრძალვას ითხოვენ

სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვას უცხოელები გაზაფხულიდან შეძლებენ.

საუბარია გამონაკლის წესზე, რომელსაც ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კანონის პროექტზე პარლამენტი მუშაობს და სწორედ მათ უნდა დაადგინონ, ვინ აღმოჩნდება იმ კატეგორიაში, ვისაც, საკონსტიტუციო ჩანაწერის თანახმად, მიწის შესყიდვა შეეძლება.

სპეციალისტები ამ საკითხისადმი კატეგორიულები არიან და ამბობენ, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა დაიშვას, მიწა მხოლოდ იჯარით უნდა გაიცეს უცხოელებზე. ექსპერტი ჯუმბერ ფანჩულიძე „რეზონანსთან" დაუფარავად აცხადებს, რომ გამონაკლისი შემთხვევებიც კი არ უნდა იქნეს დაშვებული მიწის უცხოელებზე გაყიდვის დროს.

„ჩვენ, ექსპერტები, ჩართულები არ ვართ პროცესში, კანონს როგორც იყო, ისე ტოვებენ, არადა, მიწის უცხოელებზე გაყიდვა საერთოდ დაუშვებელი უნდა იყოს. თუ ინვესტიციებზე წავიდა საუბარი, იქ არის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, იჯარა, აღნაგობა (უფლება). ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან 59-წლიანია და ამავე დროს მემკვიდრეობითობაც დასაშვებია, რაც სავსებით საკმარისია ინვესტორებისთვის. ყიდვა-გაყიდვა სულაც არ არის აუცილებელი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საერთოდ რა კავშირი აქვთ მიწასთან და მით უმეტეს უცხოელებზე მიყიდვასთან? შეზღუდვის კუთხით გარკვეული პირობები არის, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერია. ვფიქრობ, მიწა არ უნდა გაიყიდოს არც ერთ შემთხვევაში და არანაირი გამონაკლისები არ უნდა არსებობდეს", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას ფანჩულიძემ.

პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავჯდომარე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მიწის უცხოელებზე მიყიდვის საკითხის კენჭისყრა გაზაფხულის სესიებზე ჩატარდება. აქ მნიშვნელოვანია პროცედურის გათვალისწინება, რადგან კანონის წარდგენა, რომელიც 1 წელია, უკვე მზად არის, მხოლოდ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისა და პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა გავითვალისწინოთ. ამ კანონის ინიცირება შეიძლებოდა მხოლოდ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ვინაიდან ახალი კონსტიტუცია შედიოდა ძალაში. შესაბამისად, საგაზაფხულო სესიებზე ვგეგმავთ უკვე ინიცირებას, პროექტი მზად არის თითქმის 1 წელია, თებერვლიდან საკმაოდ საინტერესო პერიოდი გვექნება, როდესაც მოხდება კანონპროექტის წარდგენა და კენჭისყრა", - განაცხადა დანელიამ.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, მიწა არის რესურსი, რომლის გაყიდვაც უნდა დაარეგულიროს ორგანულმა კანონმა, მის შემუშავებაზე პარლამენტი საკმაოდ დიდი ხანია, მუშაობს.

სპეციალისტების აზრით, მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის პრიორიტეტი არ არის და ამის გასამართლებლად მთავრობა ინვესტიციებს არ უნდა სჯერდებოდეს. უცხოელ ინვესტორებს მისი ყიდვის გარდა, სხვა უამრავი ალტერნატივაც, შესაძლოა, ჰქონდეთ.

ანზორ მესხიშვილი, რომელიც უამრავი ქონების საკითხების ექსპერტია, ფიქრობს, რომ მიწის გაყიდვამდე უამრავი პროცედურაა გასავლელი.

„ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 10 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, აღნიშნულია, რომ, ფაქტობრივად, ორგანული კანონის მიღებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვა არ შეიძლება. რაც შეეხება ამ კანონპროექტს, თითქმის ერთი წელია, აგრარულ კომიტეტში მომზადებულია და როგორც მასში აღნიშნულია, უცხოელებზე მიწის გაყიდვისთვის სერიოზული მოთხოვნები დაწესდება, პროცესი გართულდება. ზუსტად არ ვიცი, რა ქვეპუნქტები ჩაიწერება, თუმცა მთავარია, რომ გამკაცრდება.

გასხვისებული მიწის 99% არ არის დანიშნულებისამებრ გამოყენებული. მათი გაყიდვა უნდათ, მაგრამ როგორ უნდა გაყიდონ და რა პრიორიტეტებით, ეგ ნამდივლად აღარ იციან. უცხოელების მიზანია მიწის შესყიდვა და მერე ისევ გადაყიდვა გაცილებით დიდ ფასად.

პირველ რიგში, გასაკეთებელია მიწის ბალანსი, უნდა ვიცოდეთ, რამდენი მიწა გვაქვს დღესდღეობით. ამ დროს არაფერი ვიცით, რამდენი მიწის ნაკვეთი გვაქვს დანიშნულებისა და კატეგორიების მიხედვით. როგორ უნდა გავყიდოთ ის, რაც არ ვიცით, რამდენია? 2004 წლის მერე მიწის ბალანსი აღარ გაკეთებულა. რამდენია სახნავი მიწა, ისიც კი არ ვიცით.

ამიტომ უნდა იყოს შესაბამისი დებულება მიწის აღრიცხვის თაობაზე. ნაწილ-ნაწილ კი არ უნდა ვყიდდეთ დაუდგენელ ფასად. თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ მიწის გაყიდვაზე გარკვეული მკაცრი კრიტერიუმების დაცვით", - აღნიშნა „რეზონანსთან" ანზორ მესხიშვილმა.

თეო გუდავაძე

გაზეთი „რეზონანსი"