რისთვის შეიძლება გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი 2019 წელს - იხილეთ 5 პროგნოზი

2018 წელს თითქმის ყველა ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობდა და გამონაკლისი არც 2019 წელი იქნება.

მომავალში ის არამარტო ჩაანაცვლებს ადამიანის ფიზიკურ შრომას, არამედ დაგეგმვის, სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესშიც მიიღებს აქტიურ მონაწილეობას და შეითავსებს ადამიანის ფუნქციებს. თუმცა ეს ყველაფერი უფრო გრძელვადიანი გათვლებია. ამჯერად გთავაზობთ მომავალი წლის 5 პროგნოზს:

1. ხელოვნურ ინტელექტს უფრო აქტიურად გამოიყენებენ საერთაშორისო პოლიტიკაში

2018 წელს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევის მომსწრენი გავხდით, როდესაც მსოფლიოს უძლიერესი სახელწიფოები უკვე დაუფარავად ცდილობდნენ შეეზღუდათ ცალკეული პროდუქციისა თუ მომსახურების იმპორტი. ეს არსად ისეთი აშკარა არ იყო როგორც აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობებში. მათი სავაჭრო დაპირისპირება ხელოვნური ინტელექტის სფეროსაც შეეხო და ახლა ჩინეთი უკვე აქტიურად ცდილობს მაღალი ტექნოლოგიებს სფეროში მკვეთრად შეამციროს აშშ-ის პროდუქციაზე დამოკიდებულება და უარი თქვას ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა Intel და Nvidia. ამასთან, Google-მა, საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკის შემდეგ, უარი თქვა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობაზე, რომელთა უმეტესი ნაწილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონტროლქვეშ იყო.

რაც შეეხება, ადგილობრივ მთავრობებს, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა, აქტიურად გამოიყენონ ავტორიტარულმა რეჟიმებმა მოსახლეობის თავისუფლების შეზღუდვისთვის, რაც ხელყოფს ადამიანთა პირადი ცხოვრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას.

2. ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირება უფრო გამჭვირვალე გახდება

იმისათვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გააფართოვოს თავისი მოხმარების არეალი, საჭირო იქნება მოსახლეობის ნდობის უფრო მეტად მოპოვება. კვლევებმა აჩვენა, რომ ხშირად კომპანიები თავს იკავებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისგან, რათა მოგვიანებით თავიდან აიცილონ ისეთი ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების არაეთიკურად გამოყენებასთან.

ამდენად, 2019 წელს მოსალოდნელია ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება, გამჭვირვალობის გაზრდა და შედეგად მოსახლეობის ნდობის მოპოვება მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში.

3. ხელოვნური ინტელექტის მიერ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ვიდრე დაიკარგება

მომავალი წლისთვის ნავარაუდევია მილიონობით დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა ხელოვნური ინტელექტის მიერ. მაგალითად, მაშინ, როდესაც დაახლოებით 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიძლება დაიკარგოს ინდუსტრიული სფეროების ავტომატიზირებულ ფუნქციონირებაზე გადასვლის დროს, პარალელურად, 2.3 მილიონი დამატებით სამუშაო ადგილის შექმნაა პროგნოზირებული, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და საჯარო სექტორი. ამ სფეროში მეტი თანამშრომლის დაქირავება გახდება საჭირო სამუშაო ძალის გადამზადებისთვის, რათა მარტივად შეძლონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და სამუშაო პროცესში ჩართვა.

4. უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება ხელოვნური ინტელექტის პოტენციალით

წლების განმავლობაში მსხვილი ბიზნესები გეომეტრიული პროგრესიით ინტერესდებოდნენ ხელოვნური ინტელექტით და მისი შესაძლებლობებით. მომავალი წლიდან კი პატარა კომპანიებიც შეუერთდებიან ამ მისწრაფებას და დაინტერესდებიან ნოუ-ჰაუების დანერგვითა და გამოყენებით თავიანთ ბიზნესში. ეს განსაკუთრებით ფინანსურ მომსახურებას ეხება, რომელთაც საკმაოდ დიდი სარგებელი ნახეს წამებში ათასობით მომხმარებლის მიერ ტრანზაქციების განხორციელების ალგორითმებით.

2019 წელს ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად გამოიყენებენ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კომპანიებიც და შეიძლება გაყიდვების ყველა სფეროც კი მოიცვას. მისი პოტენციალი არც ადამიანური რესურსების მართვის კუთხით იქნება უგულებელყოფილი. მათ შორის, ლოჯისტიკის, დაქირავება-დათხოვნის პროცესებიც ავტომატურად შეიძლება გაკონტროლდეს.

5. ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად გამოსადეგი გახდება

დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი გაუთვითცნობიერებლადაც კი საკმაოდ ღრმადაა შემოჭრილი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. როდესაც ვგუგლავთ რამეს, ვყიდულობთ პროდუქციას ამაზონზე და ა.შ. ამ ყველაფერში ხელოვნური ინტელექტიც იღებს მონაწილეობას და საკუთარ გათვლებს აკეთებს. ხელოვნური ინეტელექტის საქმიანობა ჩვენთვისაც უფრო თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ვიყენებთ ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა Alexa ან Google-ის ასისტენტი. ამ სერვისების გამოყენება კი 2019 წლიდან უფრო მასშტაბური გახდება და შესაძლოა, მოიცვას ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფერო, დაწყებული კალენდრის შედგენითა და მოგზაურობების დაგეგმვით, დამთავრებული პიცის შეკვეთით.

წყარო: Forbes.com

ავტორი: გვანცა კაკაურიძე