2018 წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური ცვლილება ამოქმედდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა და რეგულაციის შესახებ წერს, რომლებიც მიმდინარე წელს ამოქმედდა.
ტაქსების ლიცენზირება
2018 წელს ტაქსების რეფორმის 1-ლი ეტაპი ამოქმედდა. კერძოდ, ოქტომბრიდან ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ ის ტაქსები, რომელთაც შესაბამისი რეგისტრაცია არ ექნებათ გავლილი, 1-ლი ოქტომბრიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.
პოლიეთილენის პარკების აკრძალვა
2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკების წარმოება და რეალიზაცია დასჯადი გახდა. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარით გამოიწვევს, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
სავალდებულო აუდიტი
2018 წლის 1 ოქტომბრამდე კომპანიების ნაწილს სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწიათ. 1-ელ ოქტომბრამდე სავალდებულო აუდიტის ჩატარების და ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულება ჰქონდათ კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, გარკვეული სანქციებიც ამოქმედდა - პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - ჯარიმა.
კომპანიათა ნაწილს რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითების ვალდებულება გაუჩნდა
2018 წელს კომპანიათა ნაწილს რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითების ვალდებულება გაუჩნდა. საუბარია, მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებზე. ის კომპანიები კი, რომელთაც საკუთარი საქმიანობის პროფილი არ ექნებათ მითითებული, 1 000 ლარით დაჯარიმდებიან.
ავტომობილებზე ქონების გადასახადი ამოქმედდა
2018 წელს ამოქმედდა ავტომობილებზე ქონების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულებაც 40 ათასი და მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს გაუჩნდათ.
არაიდენტიფიცირებული პირუტყვის სასაკლაოზე დაკვლა აიკრძალა
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვი იდენტიფიცირებული იყოს და საყურე ნიშანი ჰქონდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არაიდენტიფიცირებული პირუტყვი სასაკლოზე აღარ დაიკვლება.
2018 წელს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა
მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამოქმედდა. სისტემა 5 ათასი ლარის ფარგლებში, ყველა დეპოზიტის დაზღვევას ითვალისწინებს.
ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებს ახლებურად აწესრიგებს
”საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონი 2018 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. აღნიშნული კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეებზე, სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, პროფესიულ საჯარო მოხელეებზე და ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებებით მიღებულ პირებზე. კანონი ადგენს ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობისას ანაზღაურების პირობებს. ასევე განსაზღვრავს მოხელის სახელფასო დანამატის, საკლასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლებს.
2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედებისთანავე პროდუქციის 90%-ზე საიმპორტო ტარიფი აღარ მოქმედებს. ამასთან, შეთანხმების ძალაში შესვლიდან 4-წლიანი გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ იმპორტის ტარიფი დამატებით კიდევ პროდუქციის 4%-ზე გაუქმდება.
გვარის შეცვლა კანონით გამკაცრდა
2018 წელს პარლამენტმა, მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები გამკაცრდა. განხორციელებული ცვლილებებით, პირს უფლება ექნება გვარი მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მოქალაქეს მოუწევს გააკეთოს არჩევანი და მიიღოს: მშობელთა შეერთებული გვარი, პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარი მეოთხე თაობის (ბებიის/პაპის ბებია და პაპა) ჩათვლით, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის ჩათვლით) გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი ან ისტორიული გვარი. შეზღუდვა იმ შემთხვევებზე არ გავრცელდება, როდესაც პირებს სურთ მეუღლის გვარის მიღება ან საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარის ტარება, რის შესახებაც გადაწყვეტილება მათ ქორწინების რეგისტრაციის მომენტში უნდა მიიღონ.
თამბაქოს მოწევა შენობა-ნაგებობის უმეტესობაში აიკრძალა
1-ლი მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა. მათ შორის თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია. ასევე აიკრძალა თამბაქოს ღერებით გაყიდვა და ეს ქმედება 150 ლარის ოდენობით დასჯადი გახდა.
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა
2018 წლიდან საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა. კერძოდ, დასაშვებია მხოლოდ ისეთი სანთებელას გაყიდვა, რომელიც დაპროექტებული და აწყობილია იმგვარად, რომ ჩვეულებრივი მოხმარების პირობებში შეუძლებელია მისი გამოყენება 51 თვეზე მცირე ასაკის (4.3 წელი) ბავშვის მიერ.სანთელების კონტროლის შესახებ დადგენილება, რომელიც 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, მთავრობამ 2016 წელს მიიღო.
პარლამენტმა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. აღნიშნული კანონი მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე გავრცელდება და მისი მიზანი იმ ძირითადი მოთხოვნების და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრაა, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას.
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომფლობელებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდა
2018 წლის 1-ლი მარტიდან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი საქართველოში შემოსვლისას ვალდებულია მესამე პირის დაზღვევა შეიძინოს. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას მისი მფლობელი/მძღოლი ვალდებულია საქართველოში მისი ყოფნის სრული პერიოდით დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.
ბაზრობის, სასტუმროს, ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება გაუჩნდათ
2018 წლის 1-ლი მარტიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელებს მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება აქვთ. აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის, ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი. მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი სასტუმრო, დასასვენებელი სახლი). ის ობიექტები კი, რომლებსაც დაზღვევა არ ექნებათ დაჯარიმდებიან.
2018 წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება
2018 წლის 1-ელი ივლისიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი 1%-იანი განაკვეთით იბეგრება, ნაცვლად არსებული 5%-სა. ამასთან, 500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად, პირს მცირე ბიზნესის სტატუსი 2 წლით უნარჩუნდება. 1-ელი ივლისიდან, საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდეა, ნაცვლად იქამდე არსებული 100 000 ლარისა.
სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის ახალი წესები ამოქმედდა
2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები შეიცვალა. კერძოდ, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-დან 50%-მდე შემცირდა. ამასთან, ცვლილებები შედის ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესშიც. ამ ტიპის სესხებზე ჯარიმა/საურავების ოდენობა შეიცვალა. მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ სანქციის ოდენობა წლიურად 98.55%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მაშინ როცა თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ჯამურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს არ აღემატებოდა.
სავალუტო ჯიხურებზე რეგულაცია გამკაცრდა
სავალუტო ჯიხურების რეგულირების თვალსაზრისით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება გაიზარდა და სებ-ი ჯიხურების ზედამხედველობას მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით აღარ განახორციელებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეთა ნაწილს სავალუტო ჯიხურებში თანხის გადაცვლის შემდეგ მისი დაბრუნების შესაძლებლობა გაუჩნდათ. კერძოდ, თანხის გადაცვლიდან 30 წუთის შემდეგ მის დაბრუნებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მოცულობაც 5 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს არ აღემატება.
მოქალაქეებს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების სიჭარბის გადამოწმების საშუალება გაუჩნდათ
პოლიფარმაციის მართვის მიზნით 2018 წლის 16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. 16 ივლისიდან ნებისმიერ პირს, ვისაც ექიმი ხუთ და მეტ მედიკამენტს გამოუწერს, დანიშნულების გადამოწმების შესაძლებლობა აქვს. ცნობისთვის, პოლიფარმაცია არის დიდი რაოდენობით მედიკამენტების საჭიროების გარეშე დანიშვნა და მიღება.
გადამხდელუნარიანობის ანალიზის გარეშე სესხის გაცემა აიკრძალა
2018 წელს კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასეთი სესხების საერთო თანხა კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს; ხოლო უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვის გარეშე გაყიდვა აიკრძალა
ფრინველის გაყინული ხორცის შეფუთვის გარეშე გაყიდვა აიკრძალა. კერძოდ, მთავრობის 14 მაისის დადგენილების თანახმად, საცალო ვაჭრობაში მომხმარებლისათვის მიწოდების მიზნით განთავსებული ფრინველის გაყინული ხორცი შეფუთული უნდა იყოს. ცნობისთვის, აღნიშნული ვალდებულება ფრინველის გაყინული ხორცის მწარმოებლებისთვის 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული გახდნენ პაციენტებს ელექტრონული რეცეპტები გამოუწერონ
2018 წლიდან ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებას მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან აფორმებს, რომლებიც ელექტრონულ სისტემაში არიან ჩართულნი. აღსანიშნავია, რომ ფორმა №3-ის ელექტრონული ვერსია პირველ ეტაპზე - 2018 წლის იანვრიდან, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდა, შემდეგ კი მთელ საქართველოს მოიცავს.
სავალდებულო ტექდათვალიერება
2018 წელს გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება - სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის; ხოლო 1-ლი ოქტომბრიდან 3,000 კუბური სმ ან მეტი ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებისთვის ამოქმედდა. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელების მიერ საკუთრება აიკრძალა
2018 წლის დეკემბრიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ]კონსტიტუციის ახალი რედაქციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი 16 დეკემბრიდან ახალი კონსტიტუციის ამოქმედების პარალელურად, შეიცვალა 94-ე მუხლიც, რომელიც გარდამავალი დებულების სახით ჩამოყალიბდა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, აქციზის გარდა, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.