თითქმის ცხრა თვეა, რაც თბილისის პარკირების სისტემას "სითი პარკი" აღარ კურირებს და ეს ფუნქცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამაც არაერთი დაპირება გასცა საპარკინგე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ქუჩაში გავლისას ჯერ კიდევ თვალში საცემია ტროტუარზე გაჩერებული ავტომობილები, ე.წ სტაიანშიკების მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიები, საპარკინგე ადგილების სიმცირე და ა.შ.
რა შეიცვალა თბილისის პარკირების სისტემაში "სითი პარკის" გაძევების შემდეგ? - ამ კითხვით AMBEBI.GE დაინტერესდა და პასუხების მისაღებად ექსპერტებსა და მერიას დაუკავშირდა.
"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ჯერჯერობით არაფერი მოწესრიგებულა:
"უფრო მეტიც, რიგ მიმართულებებში გაუარესებაც არის და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სატრანსპორტო კომპანიას, რომელმაც გადაიბარა პარკირების მენეჯმენტი, არ აქვს არანაირი გამოცდილება თუ როგორ უნდა მოაწყოს თანამედროვე პარკირების სისტემა" - აღნიშნა დავით მესხიშვილმა და პრობლემების რამდენიმეპუნქტიანი ჩამონათვალი შემოგვთავაზა:
დედაქალაქში მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც იტაცებენ საჯარო სივრცეებს და აწყობენ პარკირების ადგილებს. მაგალითად, ზოოპარკის მოპირდაპირედ ესტაკადის ქვეშ, ვიღაცებს აქვთ მოწყობილი აბსოლუტურად უკანონოდ პარკირება. ასეთი არაერთი ქუჩა და ადგილია თბილისში, რომელიც არის საერთო სარგებლობის სივრცე და სადაც პარკირება არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ვიღაც ადამიანებმა იქ თვითნებურად მოაწყვეს პარკინგი. იხილეთ სურათები