გოდერძის სათხილამურო კურორტი 28 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ იუწყებიან. კომპანია კურორტს აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.
სეზონის ოფიციალურ გახსნაზე ნაჩვენები იქნება კურორტი გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლი, მთელი დღის განმავლობაში იქნება DJ-ის მუსიკალური გაფორმება, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ანსამბლი „ბერმუხა“. იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობა ბავშვებისთვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება.
სათხილამურო კურორტზე არის ორი დიდი, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო, 2018/19 წლის სეზონზე კი მას შეემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა. ამასთან, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.
კურორტზე 12 ადამიანზე გათვლილი ერთი სასტუმრო და 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯია. ასევე, გაიხსნა ახალი განთავსების ადგილი სასტუმრო „დავითიც“, რომელშიც 13 ნომერია და 40 ადამიანი თავსდება. სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი - 2366 მეტრია.