საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში ,,ლაპის ლაზულის“ მარშრუტით საქართველოში 9 სატვირთო საავტომობილო საშუალება შემოვიდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი საპილოტე მარშრუტით ავღანეთიდან თურქეთის დანიშნულებით სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ბამბის ნართი გადაიზიდება.
„ეს გახლავთ ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, რომელსაც ეწოდება „ლაპის ლაზურის“ კორიდორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ დერეფანში ტვირთმა შეუფერხებლად იმოძრაოს. კორიდორის შემდგომი განვითარება სატესტო რეჟიმში განხორციელებული გადაზიდვის წარმატებაზეა დამოკიდებული, რათა ტვირთების გადაზიდვა მისი საშუალებით რეგულარულად განვახორციელოთ. ცხადია, ეს ჩვენს ინტერესებში შედის“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, საბაჟო უწყება, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო და კორიდორის წევრი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.
აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ,,ლაპის ლაზულის“ მარშრუტის ამოქმედება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებასა და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ,,ლაპის ლაზულის“ მარშრუტის განვითარებას „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ „(ლაპის ლაზულის მარშრუტი)“ შეთანხმება ითვალისწინებს, რომელსაც 2017 წლის 15 ნოემბერს, ქალაქ აშხაბადში (თურქმენეთი) ავღანეთის თაობაზე რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციის (RECCA-VII) ფარგლებში მოეწერა ხელი.
„შეთანხმება ხუთ ქვეყანას შორის (ავღანეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი) თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ეს წარმოადგენს ჩარჩო-შეთანხმებას, რომლის დებულებები არეგულირებს სატრანზიტო მიმოსვლას, რომელიც იწყება ან სრულდება ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტვირთისა და მგზავრების გადაადგილებას ხელშემკვრელი მხარეების შესაბამის დერეფნებს შორის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეთანხმება ხელს უწყობს ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიებზე დაუბრკოლებელ გადაადგილებას, სატრანზიტო მოძრაობასთან დაკავშირებული აუცილებელი ადმინისტრაციული საკითხებისა და პროცედურების გამარტივებას, უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთისა და მგზავრების უსაფრთხოებას.
შეთანხმების თანახმად, გადაზიდვები განხორციელდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საავტომობილო, სარკინიგზო და შიდა სამდინარო სატრანზიტო მარშრუტებზე.