კომპანია „ეპლი“ თავის ტელეფონებს მომავალი წლიდან ინდოეთშიც გამოუშვებს. ამ საქმეს მისი ტაივანელ პარტნიორ კომპანია „ფოქსკონის“ ადგილობრივი ფილიალი შეასრულებს. "როიტერსის" ინფორმაციით, ამ საკონტრაქტო მწარმოებლისთვის ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პროდუქციას ინდოეთში გამოუშვებს.
მნიშვნელოვანია, რომ „ფოქსკონი“ ინდოეთში ამერიკული კომპანიის ფლაგმანი მოდელების წარმოებას გეგმავს. ამისთვის ტაივანური კომპანია, რომელიც ტელეფონებს, ჩინურ კომპანია „სიაომისთვისაც“ აწარმოებს, ქალაქ სრიპერუმბუდურის ქარხანას გამოიყენებს. ქარხნის მოდერნიზებისთვის 356 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. ახალი ინვესტიციით, სულ 25 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია ინდოეთში „აიფონებს“ აქამდეც აწარმოებდა, თუმცა ეს მხოლოდ დაბალი კლასის SE და 6S მოდელებია. ამ საქმეში „ეპლს“ პარტნიორობას ტაივანური კომპანია „უისტრონი“ უწევს, რომელიც თავისი ადგილობრივი შტოს ბენგალურუს ტექნოლოგიურ ჰაბს იყენებს.
ტექნოლოგიურ კვლევებზე ორიენტირებულ კომპანია „კოუნტერპოინტის“ ინფორმაციით, „ეპლის“ ინდური გაყიდვების დიდი ნაწილი, ძველ (აიფონ 8-ზე ძველ) მოდელებზე მოდის.
„ეპლმა“ ძვირადღირებულ მოდელ „აიფონ X-ის“ წარმოება შარშან დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც წელს მისი ახალი ვერსიები, XS და XR გამოუშვა, X-ის წარმოება თითქმის გაანახევრა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ „ფოქსკონმა“ ინდოეთში სწორედ „აიფონ X-ის“ წარმოება დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, ინდოეთში წარმოების დაწყების შემდეგ, „ფოქსკონი“ ჩინეთში „აიფონების“ წარმოებას შეწყვეტს, თუ არა.