უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იზრდება

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი იზრდება.

ინიციატივის თავდაპირველი ვერსიით, როგორც ფილტრიანი, ასევე უფილტრო სიგარეტისთვის აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1,7 ლარი უნდა ყოფილიყო. საბოლოო გადაწყვეტილებით, მესამე მოსმენით მხარდაჭერილი ინიციატივით, უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი 20 ღერზე 1,7 ლარით განისაზღვრა, თუმცა ამით ფილტრიან სიგარეტთან გათანაბრება არ მომხდარა. გათანაბრების ნაცვლად, იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა. აღნიშნულის გამო გაძვირდება ფილტრიანი სიგარეტიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, ფილტრიან სიგარეტზე ფასი, დაახლოებით, 40-50 თეთრით მოიმატებს. „კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, თანაბრდებოდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტისთვის ფიქსირებული აქციზი. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ 1.7 ლარი ყოფილიყო ორივე შემთხვევაში. მერე უკვე კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გამოითქვა შენიშვნა, რომ ეს შეიძლება პრობლემა იყოს უფილტრო სიგარეტის ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. დაისვა ადგილობრივ წარმოებაში დასაქმებული 1000 ადამიანის საკითხი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ადგილობრივ წარმოებულ უფილტრო სიგარეტს ფასში გარკვეული განსხვავება და კონკურენტული უპირატესობა მივცეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს შენიშვნები და ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე განისაზღვრა 30%-ით, ნაცვლად 10%-ისა. აქედან გამომდინარე აქციზი მოიმატებს, ის განსხვავება, რაც იყო უფილტროსა და ფილტრიანს შორის, აღარ იქნება, მაგრამ მცირე განსხვავება მაინც დარჩება. როგორც ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, საშუალოდ სადღაც 40-50 თეთრზე არის საუბარი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.