მიმდინარე წელს საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს გარიგებებიც შედგა. „ბიზნესპრესნიუსი“ წლის რამდენიმე ბიზნეს გარიგება-შეთანხმებას გთავაზობთ:
„არაისა“ და „სმაილის“ გაერთიანება
2018 წელს კონკურენციის სააგენტო ტექნიკის ბაზარზე კიდევ ერთ გაერთიანებას დათანხმდა. საუბარია, „ამერიტექსა“ (არაი თუმოროუ) და „სმაილიზე“, რომელთა კონცენტრაციას კონკურენციის სააგენტო მიმდინარე წლის ზაფხულში დათანხმდა. როგორც მაშინ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად სააგენტომ, კომპანიათა კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ სააგენტო 2017 წელს „ალტა-ოქეის“ გაერთიანებასაც დათანხმდა.
„სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ 153 მილიონ დოლარად იყიდა
მიმდინარე წელს საქართველოში ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. კერძოდ, 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“ „ჯეოსელი“ შეიძინა. გარიგების თანხამ კი 153 მილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად კი ბაზარზე გაჩნდა კომპანია, რომელმაც სილქნეტის ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიის და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურება “ჯეოსელის” მობილურ სერვისებთან გააერთიანა.
„თიბისიმ“ swoop.ge იყიდა
„თიბისიმ“ swoop.ge-ს 100%-იანი წილი იყიდა. გარიგების შედეგად, მალე ბაზარზე ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა vendoo.ge გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს პროდუქცია. ონლაინ-მაღაზია swoop.ge-ს ბაზაზე შეიქმნება.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაიყიდა
2018 წელს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაიყიდა და ქართული ბიზნეს ჯგუფის საკუთრება გახდა. კომპანია WALTBAY LTD-მ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.
„ბიბლუსმა“ „პეპელა“ იყიდა
2018 წელს წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ სათამაშოების ქსელი „პეპელა“ შეისყიდა. თუმცა, გარიგება ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას არ გულისხმობს და სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე მოღვაწეობას.
„თიბისიმ“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბონაკო" იყიდა
ეროვნული ბანკის განკარგულებით შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. სებ-ის ცნობით, ლიკვიდატორმა "ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები აუქციონის გზით სარეალიზაციოდ საფინანსო სექტორს შესთავაზა. 2018 წლის 29 ოქტობერს გამართულ აუქციონზე კი შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბონაკოს" აქტივები და ვალდებულებები სს "თიბისი ბანკმა" სრულად შეიძინა.
„კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „ბი აი ჯისა“ და „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელი შეისყიდა
2018 წლის სექტემბერში სს „კრედო ბანკმა“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯის“ საკრედიტო პორტფელის შესყიდვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. გარიგების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პორტფელის გარდა, „კრედო ბანკს“ „ბი აი ჯის“ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ „კრედო ბანკმა“ 2018 წლის აგვისტოში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტ პლუს ჯორჯიას“ პორტფელის შესყიდვის შესახებაც განაცხადა.
„კავკასუს ონლაინის“ ერთ-ერთი მფლობელმა კომპანიაში საკუთარი წილი გაასხვისა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "კავკასუს ონლაინის" ერთ-ერთი დამფუძნებლის "ნელგადო ლიმითედის" აქციების 19,5%-ის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. ცნობისთვის, "ნელგადო ლიმითედი“ „კავკასუს ონლაინის“ 47.27%-იან წილს ფლობს. გარიგების შედეგად, „ნელგადო ლიმითედში“ თეიმურაზ არონიას კუთვნილი აქციები დავით ზურაბიშვილის საკუთრებაში გადავა, რომელსაც ჯამში "ნელგადო ლიმიტედის" აქციების 43,5% ექნება. ამავე კომპანიაში 19,5%-ს თეიმურაზ არონია, 37%-ს კი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. ცნობისთვის, „ნელგადო ლიმითედის“ გარდა, „კავკასუს ონლაინის“ 52.73%-იან წილს - International Online Networks ფლობს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ტელეკომპანია „იმედისა“ და ლუდი „ყაზბეგის“ გაყიდვის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია. თუმცა, ამ დრომდე აღნიშნული გასხვისების ფაქტები არც ოფიციალურად დადასტურებულა და არც მეწარმეთა რეესტრშია ცვლილება ასახული.