"ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში მძიმე კრიზისს გამოიწვევს"

ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში ღრმა და მძიმე კრიზისს გამოიწვევს,- ამის შესახებ HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ურუშაძის თქმით, ქალაქში რომ ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.

"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სატოქსომოტორო სერვისის რეფორმის შედეგად მიგვეღო უფრო გაუმჯობესებული სერვისი, გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობა და გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩანს, მივღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს. ამაზე თბილისის მერმაც აღნიშნა, რომელსაც როგორც ჩანს, აწუხებს ტაქსის სერვისის ხელმისაწვდომობა და სურს ეს ხელმისაწვდომობა გაართულოს და უფრო მიუწვდომელი გახადოს მოქალაქეებისთვის. იმისთვის, რომ ქალაქში ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რაც ქალაქში მოძრაობასაც განტვირთავს და ტაქსით მომსახურების საჭიროებასაც შეამცირებს. ამ მიდგომებით და შეფერხებების შექმნით პრობლემა ვერ მოგვარდება. სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში უკვე არის. პიკის საათებში ტაქსები ძირითადად, მიუწდომლები არიან. ეს არის კოლაფსის პირველი ფაზა და თუ ასე გაგრძელდება, არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, ისევ ბიუროკრატიული გზით წავალთ, დამატებით ბარიერებს შევქმნით, ამის დასასრული იქნება ძალიან ღრმა, მძიმე კრიზისი, რომელიც არა მარტო მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ გადაადგილებას შეუქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას შეუქმნის ქალაქის ეკონომიკას",- განაცხადა ურუშაძემ.