მერიამ აუქციონის ვადის გაგრძელების გარდა, მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის „ბე“-ს სახით დაწესებული 3 მილიონი ლარი 1 მილიონ ლარამდე შეამცირა

მიწისზედა და მიწისქვეშა საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებისთვის, თბილისის მერიამ გამოცხადებული აუქციონის ვადის გაგრძელების გარდა, „ბე“-ს თანხა 3 მილიონი ლარიდან, 1 მილიონ ლარამდე შეამცირა. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

როგორც ხმალაძემ განმარტა, 19 დეკემბერს გამოცხადებულ აუქციონში ამ დრომდე მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია.

ხმალაძის თქმით, ამის გამო მერიამ მიიღო გადაწყვეტილება აუქციონის ვადა 25 იანვრამდე გადაეწია.

„წავიკითხე უვიცი განცხადებები, თითქოს ამ აუქციონში ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს. ის პროდუქტი, რაც ჩვენ გამოვიტანეთ გასაყიდად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა და რა ღირებულებაც აქვს, იმ ღირებულებით გვაქვს გამოტანილი. თუმცა, იმის გამო, რომ ვაჭრობა არ შედგა, 2 დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება აუქციონის ვადა გაგვეგრძელებინა იანვრის ბოლომდე და ასევე პირველადი თანხის მოცულობა სამჯერ შემცირდა, რომ დაინტერესება მეტი იყოს და ვაჭრობა შედგეს. სამი მილიონის ნაცვლად „ბე“ იქნება ერთი მილიონი ლარი“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება აუქციონის საწყის თანხას, 12 მილიონ ლარს, ხმალაძის განცხადებით, არ იცვლება.

„ეს თანხა ვერ შეიცვლება, რადგან არის აუდირებული, ექსპერტიზის მიერ დათვლილი თანხა, რაც ღირს 20 წლის განმავლობაში რეკლამების განთავსება. ჩვენი მოლოდინია რომ ეს 12 მილიონი ცოტა უნდა გაიზარდოს. წილში თუ შევიდოდით კომპანიასთან, მაშინ თანხას ვერ ავიღებდით. აუქციონის მიზანი და იდეა არის, რომ სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად აქედან რაღაც შემოსავალს ღებულობს, რაც მომავალი 20 წლის განმავლობაში შეიძლება მიიღოს კომპანიამ შემოსავალი, ეს რომ ერთიანად მივიღოთ ერთიან ღირებულებაში. ყოველწლიურად მცირე შემოსავალია, მაგრამ ერთიანად მაღალი შემოსავალია. თუ გულისხმობთ, რატომ არ არის ყოველდღიურ ოპერირებაში ჩართული თბილისის სატრანსპორტო კომპანია, არ არის და ვერც იქნება, რადგან სარკლამო კომპანია არ არის და სპეციალიზირებული ვერც იქნება რეკლამების გაყიდვით. შესაბამისად, ამ პროდუქტის ეფექტურობა, თუ ამას სატრანსპორტო კომპანია გააკეთებს, დაბალი იქნება. თუ იანვრის ბოლომდეც არ გამოხატავს არცერთი კომპანია ინტერესს, გავერკვევით და ვნახავთ, რა უნდა გავაკეთოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, მონაწილეობენ თუ არა აუქციონში უცხოური კომპანიები, ვინმემ „ბე“ გადაიხადა თუ არა. მხოლოდ ბოლო დღეს ვიღებთ ინფორმაციას აუქციონის შედეგზე“, - განაცხადა ხმალაძემ.