მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი ეკონომიკის ქვეყნები - დათმობს თუ არა ამერიკა პირველობას 2019 წელს

როდესაც საქმე მსოფლიოს მსხვილ ეკონომიკებს ეხება, მიუხედავად იმისა, რომ მათი თანმიმდევრობა და წყობა წლების განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს, მთავარი მოთამაშეები მაინც იგივე რჩებიან.

სიის თავში ამჟამად აშშ-ია, რომელსაც, Investopedia-ის მიხედვით, პირველად 1871 წელს ერგო ეს ადგილი და მას შემდეგ პირველობას არავის უთმობს. თუმცა, უკვე ბევრი საუბრობს ახლო მომავალში, ისტორიულად დომინირებული ამ დიდი ეკონომიკის ჩინეთის მიერ ჩანაცვლებაზე. ასეთი გათვლების მიუხედავად, სულ მცირე 2019 წლისთვის, ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელით, აშშ კვლავ შეინარჩუნებს წამყვან პოზიციებს და მსოფლიოს 10 უდიდესი ეკონომიკების სიას გახსნის. მას მოჰყვება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და დიდ სამეულს აგვირგვინებს იაპონია. მათთან ერთად, კიდევ 7 სახელმწიფო ინაწილებს მსოფლიოს მშპ-ის 70%-ს და აგრძელებს ეკონომიკურ ზრდას მომდევნო წლისთვის.

ქვემოთ მოცემულ პროგნოზსა და გათვლებს გვთავაზობს „Focus-Economics”, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს და ყოველწლიურად აქვეყნებს ეკონომიკურ პროგნოზებს მომდევნო წლებისთვის.

1. აშშ

ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, აშშ-ის ეკონომიკა კვლავ უდიდესია მსოფლიოში და მისი ნომინალური მშპ-ის მაჩვენებელი 2019 წლისთვის 21 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. აშშ-ის ეკონომიკა წარმოადგენს მსოფლიოს მთლიანი გლობალური პროდუქტის დაახლოებით 20% -ს და ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ჩინეთის მაჩვენებლებს. აშშ-ის ეკონომიკა მაღალგანვითარებულ და ტექნოლოგიურად მოწინავე სერვისებს აწვდის მსოფლიოს, რაც მისი მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. მისი ეკონომიკა დომინირებს სერვისზე ორიენტირებულ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგია, ფინანსური მომსახურება, ჯანდაცვა და საცალო ვაჭრობა. დიდი ამერიკული კორპორაციები ასევე მთავარ როლს თამაშობენ მსოფლიო ავან-სცენაზე და Fortune Global 500 -ის კომპანიების მეხუთედი ამერიკული წარმოშობისაა.

აშშ-ის ეკონომიკის ზრდა 2019 წლისთვის 2.5%-ითაა დაანონსებული, ხოლო 2020 წლისთვის 1.7% -ით.

2. ჩინეთი

ჩინეთის ეკონომიკამ გასულ რამდენიმე ათწლეულში არნახულ ზრდას მიაღწია, რამაც იგი მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკად აქცია. 1978 წელს, როდესაც ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმების პროგრამა დაიწყო, ჯერ მხოლოდ მე-9 ადგილს იკავებდა 214 მილიარდი დოლარის მშპ-ით, 35 წლის შემდეგ კი მეორე ადგილს მიაღწია მთელი 14.2 ტრილიონი დოლარის მშპ-ით. 1978 წლის ეკონომიკური რეფორმების შემდეგ ჩინეთი მსოფლიოს საწარმოო ჰაბი გახდა. იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სტაბილური ზრდა და თავიდან აიცილონ ე.წ. „ეკონომიკის გადახურება“, მთავრობა დაგეგმილად ანელებს ეკონომიკურ ზრდას 2010 წლიდან.

2019 წლისთვის მოსალოდნელია 6.3%-იანი ზრდა, რაც არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელია, თუმცა წინა წლების 10%-იანი ზრდის ფონზე ცალსახად სტაბილური ციფრია.

3. იაპონია

იაპონიის ეკონომიკა დღესდღეობით მესამეა მსოფლიოში და 2019 წლისთვის მისი მშპ 5.2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. 1990-იან წლებში იაპონიის ეკონომიკა დღევანდელი ჩინეთისას უტოლდებოდა, თუმცა მას შემდეგ ნელ-ნელა დაკარგა 1960-იანი წლებიდან დაწყებული ზრდის ტემპი. ამის მიზეზი გახლდათ გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომი საბიუჯეტო დეფიციტი, რასაც მთავრობამ სოციალური პროექტებით უპასუხა და ვერ შეძლო მანამდე არსებული შთამბეჭდავი ზრდის გაგრძელება.

2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა იაპონიაც მნიშვნელოვნად დააზიანა. თუმცა, ამჟამად ის სტაბილურად ვითარდება და 2019 წლისთვის პოზიტიური ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი, დაახლოებით 1.1%. რასაც ვერ ვიტყვით მომდევნო წლებზე, კერძოდ 2020-2023 წლებში ანალიტიკოსები 1%-ზე დაბალ მატებას ვარაუდობენ.

4. გერმანია

რეცესიამდე 10 წლით ადრე გერმანიის მშპ 1.6%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად. გერმანიის კაპიტალური საქონლის ექსპორტზე დამოკიდებულების გამო, გერმანიის ეკონომიკა 2009 წელს 5.2% - ით დაეცა. მომდევნო წლების ევროზონის კრიზისიც მნიშვნელოვნად შეეხო გერმანიას. მას შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა შეუმჩნევლად იზრდებოდა. თუმცა, ეკონომიკის ბალანსირება მაინც მოხერხდა და დღესდღეობით ის მსოფლიოს მე-4 ეკონომიკაა, რომლის მშპ 2019 წელს 4.2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 1.8%-ს.

5. გაერთიანებული სამეფო

1999 - 2008 წლებში ქვეყნის ეკონომიკა 2.8%-ით იზრდებოდა. მაგრამ უძრავი ქონების სექტორში ჩადებული დიდი ფინანსური რესურსისა და მომხმარებლების კრედიტზე ძლიერი დამოკიდებულების გამო, 2008 წლის კრიზისმა მნიშნელოვნად დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა.

2011–2013 წლების სტაბილური მშპ-ის ზრდის ფონზე დარეგულირდა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაც. თუმცა ბრექსიტის შემდეგ შექმნილი გაურკვევლობა ძალიან აზიანებს ეკონომიკას და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის მას.

რეფერენდუმის დაწყებამდე ბევრმა ეკონომისტმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა დააანონსა ეკონომიკური ბუმი იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი მხარს დაუჭერდა ევროკავშირიდან გამოსვლას. ამის მიუხედავად, 2016 წლის ივნისში რეფერენდუმის შედეგად, ბრიტანეთის ეკონომიკის პერსპექტივები უფრო მეტად გაურკვეველი გახდა. თუმცა, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეკონომიკური არმაგედონი, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი წინასწარმეტყველებდა, ჯერჯერობით არ მომხდარა.

დღესდღეობით, არსებული გაურკვევლობის ფონზე, მომდევნო წლისთვის ზრდის შენელებაა პროგნოზირებული, მაგრამ ძლიერი გარე სექტორისა და მდგრადი გლობალური მოთხოვნის შედეგად, მოსალოდნელი რყევები შედარებით ნაკლებად ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

ანალიტიკოსები 1.5%-იან ზრდას პროგნოზირებენ შემდეგი წლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო კვლავ დარჩება 5 უდიდეს ეკონომიკას შორის 2020 წლამდე თავისი 3.2. ტრილიონი დოლარის მშპ-ით.

6. ინდოეთი

ინდოეთი სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ გადაუსწრებს გაერთიანებულ სამეფოს თავისი ეკონომიკით და მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ეკონომიკა გახდება. 2003-2007 წლებში ქვეყანამ 9%-იანი ზრდა განიცადა. მომდევნო წლებში კი შედარებით დარეგულირდა. ამ მომენტისთვის ინდოეთი ჩინეთს სჯაბნის როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა და 2019 წლისთვის მისი 7.4%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.

7. საფრანგეთი

2019 წელს საფრანგეთის ეკონომიკა სიდიდით მეშვიდე იქნება მთელს მსოფლიოში. დღეისათვის, ქვეყნის ეკონომიკის უმეტესი წილი მომსახურების სფეროზე მოდის, კერძოდ, მშპ-ს 70% -ზე მეტი. საწარმოო სფეროს რაც შეეხება, საფრანგეთი ერთ-ერთი გლობალური ლიდერია საავტომობილო, საჰაერო, სარკინიგზო სექტორებში, ასევე დიდია მოთხოვნა მის მიერ წარმოებულ კოსმეტიკურ და ფუფუნების სხვა პროდუქციაზე. გარდა ამისა, საფრანგეთს აქვს კვალიფიციური და განათლებული შრომითი ბაზრის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

მის მეზობლებთან შედარებით საფრანგეთმა უფრო მარტივად გადაიტანა ეკონომიკური კრიზისი და სტაბილურობაც შეინარჩუნა. მისი მშპ მხოლოდ 2009 წელს დაეცა. ამის შემდეგ გარკვეულწილად გაიწელა რეაბილიტაციის პერიოდი და უმუშევრობის დონეც გაიზარდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მაგრამ ეკონომიკის საერთო სურათი დიდად არ შეცვლილა.

ანალიტიკოსების პროგნოზით 2019 წლისთვის ქვეყნის მშპ 1.7%-ით გაიზრდება, ხოლო 2020 წელს 1.6%-ით.

8. იტალია

იტალია მსოფლიოს მეცხრე უდიდესი ეკონომიკაა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკური სტაგნაცია და სტრუქტურული რეფორმების ნაკლებობა მას უკან სწევს. 2008 წლის გლობალურ კრიზისის დროს, უკვე ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო დაზიანდა და 2009 წელს სახელმწიფომ მშპ-ის 5.5%-იანი ვარდნა განიცადა. მაგრამ მომდევნო წლებში შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა.

იტალია დღესდღეობით კვლავ დგას რიგი პრობლემების წინაშე. ესენია მკაცრი შრომითი ბაზარი, მაღალი საგადასახადო განაკვეთები, საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, მაღალი სახელმწიფო ვალი და სხვა. ეს სუსტი მხარეები ხელს უშლიან ქვეყნის ზრდის პოტენციალს.

ეკონომისტები 2019 წლისთვის მშპ-ის 1.3%-იან ზრდას უწინასწარმეტყველებენ.

9. ბრაზილია

გლობალური ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე მთელი 10 წლის განმავლობაში, 1999 წლიდან 2008 წლამდე ბრაზილიის მშპ წელიწადში 3.4% -ით იზრდებოდა. ასეთი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ბრაზილიურ საქონელზე გლობალური მოთხოვნის ზრდა იყო. 2007-2008 წლის ეკონომიკური ბუმის შემდეგ, უკვე 2009 წელს ბრაზილიის ეკონომიკა 0.3% -ით შემცირდა, რადგან ბრაზილიის სასაქონლო ბაზრის ექსპორტზე მოთხოვნა დაეცა და უცხოური კრედიტიც შემცირდა. თუმცა, მომდევნო წლიდან ბრაზილიამ მაინც შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა და ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. მას შემდეგ შედარებით შენელდა ზრდა და სასაქონლე ბრუნვის ციკლის შემცირების, არასახარბიელო საკრედიტო პირობებისა და პოლიტიკური კრიზისების ფონზე, რასაც ახლდა კორუფციული სკანდალებიც, ბრაზილიის ეკონომიკა დაქვეითდა. ამისდა მიუხედავად, ის მაინც ინაჩუნებს ადგილს ტოპ ათეულში და მისი ეკონომიკის ზრდა 2019 წლისთვის 2.3%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მშპ 2.0 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

10. კანადა

მსოფლიოს მეათე ადგილი უმსხვილეს ეკონომიკებს შორის კანადას ეკუთვნის. 1999 წლიდან 2008 წლამდე კანადამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აჩვენა. მისი მშპ ყოველწლიურად სტაბილურად 2.9%-ით იზრდებოდა. მაგრამ, აშშ-ისთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გამო 2009 წელს კანადის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 2.9%-ით შემცირდა (2008 წლის კრიზისის ფონზე). თუმცა გონივრული ფისკალური პოლიტიკისა და სოლიდური ფინანსური სისტემის შედეგად მალევე შეძლო პოსტ-კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა. ანალიტიკოსების თანახმად კანადის მშპ 2019 წლისთვის 1.8 trillion დოლარს მიაღწევს და ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 2.0%-ს გაუტოლდება.

„ტრილიონი დოლარის კლუბი“

„ტრილიონი დოლარის კლუბი“ იმ ქვეყნების ეკონომიკების არაოფიციალური კლასიფიკაციაა, რომელთა ნომინალური მშპ ტრილიონ დოლარზე მეტია. ამჟამად მასში 16 ქვეყანა ერთიანდება, და 2020 წლის მაჩენებლებით ამ სიას სავარაუდოდ, მე-17 სახელმწიფოც შეემატება, კერძოდ ნიდერლანდები. ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა, ტრილიონიანთა კლუბს ემატება რუსეთი და კორეა მე-11, მე-12 ადგილებზე, რომელთაც მოყვება ესპანეთი, ავსტრალია, მექსიკა და ინდონეზია.

რას უნდა ველოდოთ დღეიდან 2023 წლისთვის და მას შემდეგ?

2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკური მოთამაშეები იგივენი დარჩებიან, უბრალოდ, შესაძლოა მოხდეს გადანაცვლება, მაგალითად, ინდოეთი 2022 წლისთვის გერმანიასაც გაუსწრებს და მე-4 ადგილს დაიკავებს.

ამომავალ ეკონომიკებს რაც შეეხება, თვალსაჩინოა მონღოლეთის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე, რაც 89%-ს გაუტოდლება 2023 წლისთვის. მას მოჰყვება მიანმარი, ეგვიპტე, სერბეთი და ბანგლადეში.

განვითარებადი ბაზრები, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორები გახდებიან, თუმცა მათი ინვესტიციები მხოლოდ გლობალურ ეკონომიკაში გააძლიერებს მათ პოზიციებს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩინეთი ცალკეული გათვლებით უკვე მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ეკონომიკადაა მიჩნეული, თუმცა, „ახალი ოქროს ბიჭუნა“ აშკარად ინდოეთი გახდება, რომლის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, იაპონიას მესამე ადგილის დათმობად დაუჯდეს.

საცალო ვაჭრობზე ფასების ზრდა, რომელიც 2019 წლისთვისაა მოსალოდნელი, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ბრაზილია და რუსეთი.

ბევრი სცენარი შესაძლოა, გათამაშდეს 2022 წლისთვის, თუმცა სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია უდავოა აშშ-ისა და დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთრებით ჩინეთს შორის.

მოამზადა: გვანცა კაკაურიძემ