„კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ერთი ადამიანია, სავალდებულო აუდიტის გამოქვეყნება არ უნდა ევალებოდეს“ - რატომ აკრიტიკებს ინვესტორი აუდიტის პროგრამას

„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელეკი სავალდებულო აუდიტის პროგრამას აკრიტიკებს.

ბიზნესმენი და ინვესტორი თვლის, რომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სავალდებულოდ განხორციელება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის უნდა იყოს აუცილებელი, რომლებიც ბირჟაზეა გასული. ხოლო კომპანიები, რომელთა 100%-იანი წილი ერთი მფლობელის ხელშია, სავალდებულო აუდიტის განხორციელებას არ უნდა ექვემდებარებოდეს. მეჰმედ მელექი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრთან, გიორგი ქობულიასთანაც ისაუბრა.

„ნებისმიერი ფირმის ფინანსური მდგომარეობის ნახვა შეგიძლიათ ერთ საიტზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, ვინაიდან, რაც მოგება-ზარალი გვაქვს, ხელფასები - ყველაფერი უკვე გასაჯაროვებულია. ეს სწორად არ მიმაჩნია. იმედია, ამ კუთხით რაღაც შეზღუდვები ამოქმედდება. კომპანიები, რომლებიც გასული არიან ბირჟაზე, საკუთარ შემოსავალსა და ხარჯს ნამდვილად უნდა ასაჯაროვებდნენ, ხოლო კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ერთი ადამიანია, სავალდებულო აუდიტის გამოქვეყნება არ უნდა ევალებოდეს. მათი ფინანსური მდგომარეობა არავის საქმე არაა.

რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადოს უნდა წარედგინოს აღნიშნული მონაცემები. მაგრამ რატომ უნდა იცოდეს ჩემმა კონკურენტმა, მე რამდენი მოვიგე, რამდენი წავაგე და ასე შემდეგ. ამდენი დეტალის გაჟღერება არ იყო საჭირო. ვფიქრობ, რომ ამას რაღაც ჩარჩოში ჩასვამენ“,-განაცხადა კომპანია „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა.

ცნობისთვის, კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს. სავალდებულო აუდიტის ჩატარების ვალდებულება აქვთ: კომპანიებს, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. ასევე იმ კომპანიებს, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება - 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი - 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ კომპანიებზე, რომელთაც აუდიტი არ ექნებათ ჩატარებული, ოქტომბრიდან გარკვეული სანქციები ამოქმედდება. პირველ ეტაპზე გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - ჯარიმა. სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა.

ქრისტინე გამთენაძე