ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 11136 გადამხდელს 539 370 407.70 ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა.
კერძოდ, გადასახადის 11136 გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ცვლილების ამოქმედებიდან (02.08.2018-28.12.2018) დღემდე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება ჯამში 539 370 407 .70 ლარი. მათ შორის:
ა) ქვეპუნქტით - 11 132 გადამხდელს 539 368 444.30 ლარი,
გ) ქვეპუნქტით - 4 გადამხდელს 3 962.80 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის ივლისში შევიდა.
ცვლილების თანახმად, ჩამოწერას დაექვემდებარა 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ახორციელებს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ჩამოწერის პროცესი ისევ გრძელდება.