2018 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგიდან საქართველოს პოზიციები ზოგან გაუმჯობესდა, ზოგან კი პირიქით, გაუარესდა.
”ბიზნესპრესნიუსი” იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც 2018 წელს საქართველო მოხვდა.
საქართველო ცხოვრების სიიაფით მე-12 ადგილზეა - სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი
საქართველო ცხოვრების სიიაფით 117 ქვეყანას შორის, მე-12 ადგილზე მოხვდა. კვლევითი პორტალი „ნუმბეოს" ცხოვრების ინდექსის თანახმად, საქართველოს 30.14 ქულა აქვს და რეიტინგში ბანგლადეშსა და ალჟირს შორის მოხვდა.
ცხოვრების ღირებულების ინდექსი გამოთვლილია ფასების დონის გათვალისწინებით საქონლისა და მომსახურების ძირითად სახეობებზე, კვების პროდუქტების, რესტორნების, ტრანსპორტის და კომუნალური მომსახურების ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველო ცხოვრების სიიაფით მეათე ადგილს იკავებდა.
ცხოვრების სიიაფით პირველ ადგილზე პაკისტანია, რომელსაც რეიტინგში 22.17 ქულა აქვს. მას მოსდევს ინდოეთი (23.81) და ტუნისი (24.53). რაც შეეხება ყველაზე ძვირ ქვეყნებს, პირველ ადგილზე შვეიცარია გავიდა, რომელიც რეიტინგში 119.98 ქულა აქვს. მას მოსდევს ისლანდია 112.64 ქულით და ნორვეგია 104.09 ქულით.
პასპორტის სიძლიერის მიხედვით, საქართველოს პასპორტმა 67-ე პოზიციიდან 53-ე ადგილზე გადაინაცვლა
Henley Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, გერმანიის პასპორტი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა. გერმანია უკვე მეხუთე წელია ლიდერობს რეიტინგში, რომელიც იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა. გერმანიის მოქალაქეებს ამჟამად უვიზოდ 177 ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 1 ქვეყნით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წყალობით რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა უკრაინამ (59-დან 44-ე ადგილზე) და საქართველომ (67-დან 53-ე ადგილზე) დააფიქსირეს. საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.
საქართველო თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგში მე-16 ადგილზეა
მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში საქართველო 76,2 ქულით მე-16 ადგილზეა. Heritage fund-ის წლევანდელ რეიტინგში, გასული წლის შემდეგ, საქართველოს მონაცემი 0,2 ქულით გაუმჯობესდა, რაც უპირველეს ყოვლისა საკუთრების უფლების მხრივ მიღწეულმა წინსვლამ განაპირობა. თუმცა ისეთი მიმართულებით როგორიცაა მთავრობის კეთილსინდისიერების, იურიდიული ეფექტურობისა და ფისკალური სიჯანსაღის მიმართულებები, მცირედი კლება შეიმჩნევა.
ორგანიზაციის ყოველწლიურ ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 2018“ საქართველო ევროპის 44 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზეა და მსოფლიოს მასშტაბით საშუალოზე უკეთესი მონაცემი აქვს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჩამონათვალში საქართველო მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების გრაფაში მოხვდა. ჩვენზე პოზიციით მაღლა იმყოფება შვედეთი, ხოლო დაბლა ნიდერლანდები.
საქართველო „ცხოვრებისთვის საუკეთესო ქვეყნების“ რეიტინგში 70-ე ადგილზეა
გაერომ „ადამიანების განვითარების კვლევა“ (Human Development Report) წარმოადგინა, რომელიც ქვეყნების რანჟირებას იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ხანს და რამდენად ჯანმრთელად ცხოვრობენ ამა თუ იმ ქვეყნებში ადამიანები. ასევე გათვალისწინებულია ფინანსური შემოსავლები, განათლების ხარისხი, ცხოვრების დანახარჯები, გენდერული თანასწორობა და სხვა კრიტერიუმები. შესაბამისად, აღნიშნული კვლევას მეორენაირად „ცხოვრებისთვის საუკეთესო ქვეყნების“ რეიტინგი ჰქვია.
ჩამონათვალში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაა შესული, სადაც საქართველო 70-ე ადგილზეა და უსწრებს ირანი, თუმცა, ჩვენ შემდეგაა თურქეთი. რეიტინგში ჩვენზე წინ არიან ყაზახეთი, ბელორუსი, რუსეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ხოლო სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ჩვენზე დაბალ პოზიციებზე განლაგდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეიტინგში 0.769 ქულა აქვს მინიჭებული.
„გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველოს რეიტინგი გაუარესდა
უსაფრთხოების კუთხით საქართველოში ვითარება 4 პუნქტით გაუარესდა. ეკონომიკისა და მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მშვიდობის ინდექსი 2018-ის“ მონაცემების მიხედვით, 163 ქვეყანას შორის საქართველო 102 ადგილზეა. საქართველოზე ერთი პუნქტით წინ არის ბელორუსი, ხოლო ერთი პუნქტით უკან - რუანდა. აღნიშნულ კვლევას ლონდონში, „ეკონომიკისა და მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
ანალიტიკურმა ინსტიტუტმა 163 ქვეყნის მდგომარეობა უსაფრთხობის პარამეტრების მიხედვით შეისწავლა. მაგალითად ისეთის, როგორიცაა: მკვლელობა, პოლიტიკური ტერორი და ა.შ. რეიტინგის ლიდერები დასავლური ქვეყნები არიან. პირველი ათეული იწყება ისლანდიით, რომელსაც მოსდევს - ახალი ზელანდია, ავსტრია, პორტუგალია, დანია, კანადა, ჩეხეთის რესპუბლიკა, სინგაპური, იაპონია და ირლანდია. რაც შეეხება ბოლო ათეულს, სიის სათავეს რუსეთი 154-ე ადგილით იკავებს, რომელსაც მოსდევს - ცენტრალური აფრიკა, კონგო, ლიბია, იემენი, სომალი, ერაყი, სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია.
საქართველოს მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი კი კვლევის მიხედვით, ასეთია: თურქეთი -149-ე ადგილი, აზერბაიჯანი - 132-ე, სომხეთი -120-ე. რაც შეეეხება უკრაინას, ის 152-ე ადგილს იკავებს.
Gallup-ის კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის მე-17 ადგილზეა
Gallup -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა რიცხვში მე-17 ადგილზეა. კვლევა “მსოფლიო მართლწესრიგი - 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენა იყო.
რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა. ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.
რეიტინგში ყველაზე დაბალი - 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოსტვანა და სიერა ლეონე.
საქართველო ბიზნესისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზეა
„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპის 46 ქვეყანას შორის. აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნეს-გარემოს მიხედვით აფასებს. ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალების კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან. თითოეულ ქვეყანას 0-დან 100-მდე ქულა ენიჭება, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს, ხოლო 100 საუკეთესოს წარმოადგენს.
რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, ხოლო საქართველოს კი 62 ქულა აქვს. ხოლო ბოლო, 46-ე პოზიციაზე არის უკრაინა. ცნობისათვის, საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.
ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის 44-ე პოზიციაზეა
საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ქვეყნად არის დასახელებული, სადაც ბიზნესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია რეიტინგში 8 ადგილითაა გაუმჯობესებული.
ამასთან, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი).
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით, ევროპის ქვეყნების ოცეულში მე-19 პოზიციაზეა
მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკმა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორისაა.კერძოდ, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 პოზიციაზეა და უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორიცაა მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
საქართველოს ქულა, კორუფციის კონტროლის მხრივ, შეფასების რანგირების 100%-იან შკალაზე 77,40%-ს გაუტოლდა და 48-ე პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ ინდიკატორში ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს პოზიცია ერთი საფეხურით გაუმჯობესდა. ანგარიშში 140 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორისაც საქართველოს პოზიცია, შარშანდელთან შედარებით, გაუმჯობესებულია და ის 66-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 1.1 პუნქტით გაუმჯობესდა.
2018 წლის რეიტინგში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები დაფიქსირდა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ 12 ინდიკატორში საქართველოს სარეიტინგო ქულები 8 მიმართულებით გაუმჯობესდა და მხოლოდ 4 ინდიკატორში შემცირდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს და 86.3 ქულით მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის 29-ე პოზიციაზეა.
რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი პოზიცია აქვთ რუსეთს, ყაზახეთსა და თურქეთს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ინდექსში 69-ე, სომხეთი - 70-ე, ხოლო უკრაინა - 83-ე პოზიციაზეა.
საქართველო Doing Business-ის რეიტინგში დაწინაურდა და მსოფლიოში მე-6 ადგილზეა
ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ პოზიცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.
მსოფლიო ბანკის Doing Business 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ეს ქვეყნისთვის აქამდე დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. შარშანდელ რეიტინგში საქართველო მე-9 ადგილზე იყო. ათეულში კი უკვე მეოთხედ მოხვდა.
Doing Business 2019-ის ლიდერი კვლავ ახალი ზელანდიაა. ათეულში ასევე შედიან სინგაპური, დანია, ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და მაკედონია.
„გლობალური ინოვაციების ინდექსში“ საქართველომ 126 ქვეყანას შორის 59-ე ადგილი დაიკავა
2018 წელს „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ 126 ქვეყანას შორის, საქართველომ 59-ე ადგილი დაიკავა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2014-2016 წლებში საქართველოს რეიტინგი „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ უმჯობესდებოდა, თუმცა 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 4 ადგილით გაუარესდა. 2018 წელს კი, წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 9 ადგილით გაუმჯობესდა, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია.
2018 წელს საქართველოს “გლობალური ინოვაციების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ინსტიტუტებსა და ბაზრის განვითარებაში უკავია (39-ე ადგილი), ყველაზე ცუდი კი, ბიზნესის განვითარების ინდიკატორში (91-ე ადგილი).
“ადამიანური კაპიტალის ინდექსში” 157 ქვეყანას შორის საქართველომ 61-ე ადგილი დაიკავა
2018 წელს 2016 წელთან შედარებით, 11 ადგილით გაუმჯობესდა საქართველოს შედეგი მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსში”. კერძოდ, 2018 წელს, 157 ქვეყანას შორის საქართველომ 61-ე ადგილი დაიკავა და 0.61 ქულა აიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში 2018 წელს დაბადებული ბავშვი, ზრდასრულ ასაკში, სრული განათლების და სრულყოფილი ჯანმრთელობის შემთხვევაში, თავისი შესაძლო პროდუქტიულობის 61%-ს მიაღწევს.