„საქართველოს ბანკმა“ GGF-ისგან 25 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მოიპოვა

მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მსხვილი ბიზნესებისა და საჯარო სექტორის გაძლიერების მიზნით, „საქართველოს ბანკმა“ GGF-ისგან (Green for Growth Fund) 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, GGF-ის 5-წლიანი ფულადი რესურსი მიმართული იქნება საქართველოში არსებული საწარმოების, მუნიციპალიტეტების, საჯარო სექტორის ერთეულების საბრუნავი კაპიტალისა და საინვესტიციო საჭიროებების დაფინანსებისკენ. „საქართველოს ბანკი“ ასევე დააფინანსებს იმ ენერგოეფექტურ პროექტებს, რომლებიც 20%-ზე მეტი ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ GGF-თან ერთად მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით მომხმარებლებისათვის. ეს ჩვენი მეორე წარმატებული თანამშრომლობაა და საქართველოში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნდობისთვის",- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.