2018 წლის 6 ყველაზე მთავარი ეკონომიკური მოვლენა

ცვლილებების და რეგულაციების გარდა, 2018 წელს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენაც მოხდა. „ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ:

ვალების განულების პროგრამა

მიმდინარე წლის ნოემბერში ხელისუფლებამ ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების საბანკო დავალიანებების ჩამოწერის პროგრამის შესახებ განაცხადა. მათი ცნობით, საკრედიტო ამნისტია იმ პირებს ეხება, ვინც თავის დროზე ბანკისგან თუ სხვა საკრედიტო ინსტიტუტისგან ვალად აიღო არა უმეტეს 2000 ლარი და ბოლო 1 წლის განმავლობაში მის დასაფარად 1 თეთრიც არ გადაუხდია. ამ მოქალაქეთა ვალდებულებებს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ ფონდი „ქართუ“ შეისყიდის. ამ ეტაპზე, ვალების ჩამოწერისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge, 11 კომერციული ბანკისა და 28 არასაბანკო დაწესებულების მონაცემია განთავსებული. ამასთან, ვებგვერდზე 604,797 მსესხებლის 1,302,750 სასესხო დავალიანების შესახებ არის ინფორმაცია დატანილი, დავალიანებების მოცულობა კი 3,933,145,876 ლარია.

სამინისტროების შემცირება

2018 წელს საქართველოში სამინისტროების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მიმდინარე წლის ზაფხულში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა.

პურის გაძვირება

მიმდინარე წლის მიწურულს საქართველოში პური გაძვირდა. კერძოდ, დეკემბერში სარეალიზაციო წერტილებში ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. აღსანიშნავია, რომ პურის გაძვირებას ხელისუფლებაშიც მოყვა განცხადებები. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა შესაძლოა არასამართლიან კონკურენციასთან იყოს დაკავშირებული. ბახტაძემ შესაბამის ორგანოებს დაავალა, უმოკლეს ვადაში დაადგინონ თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ამ მოწოდებას რამდენიმე საათში მოყვა კონკურენციის სააგენტოს განცხადებაც, რომ სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში, უმოკლეს ვადებში, ძირეულად შეისწავლის ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზარზე არსებულ ვითარებას.

”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა” საქართველო დატოვა

2018 წელს საქართველოში საბანკო სექტორი შემცირდა. კერძოდ, ”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა” საქართველო დატოვა. სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს" აქციონერთა კრებამ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შედეგად, მიმდინარე წლის ივლისში ეროვნულმა ბანკმა "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველოს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და, შესაბამისად, ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

BGEO საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაიყო

10-წლიანი საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი − BGEO 2018 წელს ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. აღნიშნული გაყოფა საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან კომპანიები მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით დამოუკიდებლად აგრძელებენ.

ცნობისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ.

ნავთობკომპანიებს მილიონობით ლარის ჯარიმა ჩამოეწერათ

2018 წელს კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაასრულა, რომლის შედეგადაც ნავთობ­პროდუქტების იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანიებს ჯარიმა მნიშვნელოვნად შეუმცირდა. კერძოდ, 2018 წელს კომპანიებს დაახლოებით 3 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრათ, მაშინ, როცა 2015 წელს ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, კონკურენციის სააგენტომ კომპანიები დაახლოებით 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

იმის გამო, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის ბაზარზე კონკურენციის პრინციპები ირღვეოდა; იმპორტს ხელი ეშლებოდა ხელოვნური ბარიერებით, იზღუდებოდა წარმოება და შეთანხმებული ფასი მოქმედებდა, 2015 წელს ბაზრის მთავარ მოთამაშეებს, მათ შორის "ვისოლს", "რომპეტროლს", "სოკარს", "ლუკოილს", "გალფსა" და მათთან დისტრიბუციით დაკავშირებულ აგენტებს სანქციები დაეკისრათ. თუმცა, კომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ კი კონკურენციის სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა და ანალიზი დაავალა. კონკურენციის სააგენტომ ხელახალი მოკვლევა სწორედ მიმდინარე წელს დაასრულა და დაადგინა, რომ 5 ნავთობიმპორტიორი კომპანია არღვევდა "კონკურენციის შესახებ" კანონის ცალკეულ მუხლებს, აგრეთვე, არსებობდა დარღვევა ფრენჩაიზინგის/ქველიცენზიის ხელშეკრულებების შესაბამისად ფასების განსაზღვრის საკითხში. თუმცა ამ დასკვნით კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვნად შემცირდა.

თაია არდოტელი