„თბილსერვის ჯგუფი“ 90 ერთეულამდე დასუფთავების ახალ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს.
ამის შესახებ „თბილსერვისის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა.
ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, დასუფთავების სპეცტექნიკის შეძენა იგეგმება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან“ გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე. ჯღარკავას ინფორმაციით, IBRD-მ 9 მილიონ 300 ათასი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით 7 მილიონი ლარის ფარგლებში იგეგმება სპეცტექნიკის შეძენა.
„როგორც მოგეხსენებათ, ნარჩენების მართვის ახალ მოდელზე გადავდივართ, რომელიც გულისხმობს ნარჩენის სეპარირებას. ეს არის ვალდებულება ევროკავშირის წინაშე და მუშავდება ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, უნდა განახლდეს დასუფთავების სპეციალური ტექნიკა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ერთი მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას ხელი, მეორე მხრივ, ასევე საქართველოს ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება ტექნიკის შეძენა. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია სპეციალური ნაგავმზიდი მანქანების შეძენა როგორც მცირე ზომის, ასევე საშუალო და დიდი. ასევე სპეციალური მანქანების, რომელსაც „ცოცხ მანქანებს“ უწოდებენ. ასევე გადამტვირთი სადგურის მანქანების შეძენა, რომლის პრინციპიც არის, რომ ნარჩენი დედაქალაქში დიდი ოდენობით არ უნდა გადაადგილდებოდეს. პატარა და საშუალო ზომის მანქანებიდან გადაიტვირთება დიდი ზომის მანქანებში და მიემართება ნაგავსაყრელზე. ამისთვის კეთდება მენეჯმენტური გეგმა.
ადგილობრივი რესურსით უკვე გამოცხადებულია სატენდერო წინადადება. IBRD-ის ფარგლებში შესყიდვა 2019 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება.
დაახლოებით 90 ერთეული სპეციალური ტექნიკა იქნება შეძენილი ჯამში. ამაში შედის ყველა ტიპის ტექნიკა. 9 მილიონ 300 ათასი ევრო არის გამოყოფილი IBRD-ის მიერ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით არის 7 მილიონის ლარის ფარგლებში“, -განაცხადა ლევან ჯღარკავამ.