მცხეთის გენგეგმის შემუშავების კონკურსში მონაწილეთა წინადადებების შესწავლა დაიწყო

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დაასრულა.

შესაბამისად, ფონდმა მიღებული წინადადებების შესწავლა უკვე დაიწყო.

როგორც ფონდში განმარტავენ, UNESCO-ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების (ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი და სამთავრო) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შეტანით, მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

„ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიული ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას“, - განმარტავენ ფონდში.

სწორედ ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის კონკურსი 2018 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. განცხადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1,8 მლნ ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.

როგორც მაშინ ითქვა, მიზეზი ის იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი ქალაქის იერსახეს სრულიად ცვლის, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას იწვევს. ასევე, პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.