კომერციული ფრენების ფატალური შემთხვევები გაიზარდა

ჰოლანდიურ საკონსულტაციო კომპანია To70-ის და ავიაციის უსაფრთხოების ქსელის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების შესაბამისად, 2018 წელს კომერციული ფრენებისას ფატალური შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. მათივე ანგარიშით, 2017 წელს საერთაშორისო ფრენებისას ფატალური შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

შარშან მომხდარი ავიაკატასტროფების დროს, ჯამში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. და მაინც, ორივე მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ფატალური შემთხვევები იშვიათია.

To70-ის მონაცემებით, კომერციული ფრენების ფატალური შემთხვევების ფარდობითი მაჩვენებელი, მილიონ რეისზე 0.36-ს არ აღემატება. ანუ, დაახლოებით ყოველ 3 მილიონ რეისზე ერთი ფატალური ავარია მოდის.

2017 წელს ეს საშუალო მაჩვენებელი გაცილებით დაბალი - მილიონ ფრენაზე 0.06 იყო (პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებელი). 2017 წელს მხოლოდ ორი ფრენა დასრულდა ფატალურად და ისიც შიდა რეისებზე და მათ ტურბოხრახნული თვითმფრინავები ასრულებდა. ორივეში ჯამში 13 ადამიანი დაიღუპა. სულ კი ბოლო ხუთ წელიწადში მილიონ ფრენაზე ფატალური რეისების საშუალო რიცხვი 0.24-ია.

უნდა ითქვას, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში, საერთაშორისო ფრენებისას ფატალური ავარიების რიცხვი თანდათან კლებულობს. შედარებისთვის, „ავიაციის უსაფრთხოების ქსელის“ მონაცემებით, 2005 წელს მსოფლიოს მასშტაბით, კომერციული რეისებისას ჯამში 1 015 ადამიანი დაიღუპა.

ფატალური შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ფატალური ინციდენტების რიცხვის მიხედვით, გასული წელი მესამე ყველაზე უსაფრთხო წელი იყო ავიაციის ისტორიაში. დაღუპულთა საერთო რიცხვის მიხედვით კი, 2018 წელს მეცხრე ყველაზე უსაფრთხო წელი იყო.

თებერვალში სარატოვის ავიახაზების თვითმფრინავი, ქალაქ სტეპანოვსკოეს აეროპორტიდან აფრენისას დაეცა და 71 ადამიანი იმსხვერპლა. იმავე თვეში, ირანული „ასემან ეარლაინზის“ თვითმფრინავი ირანის მთებში ჩამოვარდა, ავარიამ 66 ადამიანი შეიწირა.

მარტში ნეპალის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვარდა „ბანგლკა ეარლაინზის“ თვითმფრინავი. ბორტზე მყოფი 71 მგზავრიდან 51 დაიღუპა. მაისში კუბის კომპანია „კუბანას“ „ბოინგ 737-201“ ჰავანას აეროპორტის მახლობლად დაეცა და 112 ადამიანი იმსხვერპლა.

აპრილში ფატალური შემთხვევა განიცადა „საუთვესტ ეარლაინზის“ „ბოინგ 737-მა“ (ფოტოზე). ავარიის მიზეზი ძრავის დაზიანება გახდა, რომლის ფრთამაც ფიუზელაჟი დააზიანა. წარმოქმნილმა ნახვრეტმა ერთი მგზავრი შეიწოვა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ეს იყო პირველი ფატალური ინციდენტი 2009 წლის შემდეგ, რომელიც ამერიკულ ავიკომპანიებს შეემთხვათ.

შარშან ყველაზე დიდი კატასტროფა ოქტომბრის ბოლოს, ინდონეზიაში მოხდა - „ლაიონ ეარის“ „ბოინგ 737 მაქს 8“ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, იავას ზღვაში ჩავარდა და 189 ადამიანი იმსხვერპლა.