”ტავ უბრან ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვა 10 წლით შეუმცირდა

კომპანია, რომელმაც 2005 წელს აეროპორტის მართვისთვის გამოცხადებულ ტენდერში ცნობილ გერმანულ კომპანიას მოუგო, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მალე თბილისის აეროპორტის შემოწმების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს. მანამდე კი შემოსავლების სამსახურმა ”ტავ ურბან ჯორჯია” 18 მილიონი ლარით დააჯარიმა.

”ტავ ჯორჯიამ” 2012 წლის სექტემბერში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმით, სათადარიგო ასაფრენი ბილიკის მშენებლობის ვალდებულება აიღო და აეროპორტის მართვის უფლება კიდევ 10 წლით (2037) გაიგრძელა. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის 64 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ახალი ხელშეკრულება უკვე ივლისის ბოლოს გაფორმდება. ხელშეკრულების მიხედვით, ”ტავ ურბან ჯორჯიას” აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნაცვლად, 2027 წლამდე ექნება.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებული აუდიტორიული დასკვნის თანახმად, კომპანია ვალდებულია 2027 წლამდე აეროპორტის ინფრასტრუქტურა სრულად მოაწესრიგოს, თანაც ისე, რომ მისი ოპერირება არ შეფერხდეს.