თბილისში არასწორი პარკირებისთვის 8 თვეში 318 000-მდე საჯარიმო ქვითარი გამოიწერა

2018 წლის 10 აპრილიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც „სითი პარკის“ ნაცვლად დედაქალაქში პარკირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია აკონტროლებს, 317 980 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.

შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოითხოვა.

რაც შეეხება დარღვევებს, რომელზეც ყველაზე მეტი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილას დადგენილი საფასურის გადახდის გარეშე ავტოტრანსპორტის დგომას გულისხმობს (ჯარიმა 10 ლარის ოდენობით). აღნიშნულ დარღვევაზე გამოწერილია 224 244 საჯარიმო ქვითარი.

მეორე ყველაზე ხშირი დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევაა, რომელიც ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნისა და დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობას გულისხმობს (ჯარიმა 10 ლარის ოდენობით). აღნიშნულ სამართალდარღვევებზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 82 376 საჯარიმო ქვითარი გამოწერა.

ასევე, 1252-ე მუხლის მე-6 ნაწილით, დედაქალაქის ტერიტორიაზე დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ (ჯარიმა 10 ლარის ოდენობით) 11 360 საჯარიმო ქვითარი გამოწერა.

რაც შეეხება სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის მაჩვენებელს, 2018 წლის 10 აპრილიდან 27 ნოემბრის ჩათვლით ავტოსადგომზე 2 759 ავტომობილი გადაიყვანეს.