თბილისში მინის საწრთობი საწარმო აშენდება

დედაქალაქში მინის საწრთობი საწარმო აშენდება.

ბიზნესის ხელშესაწყობად შპს „გლას სერვისს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 3 507 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და წელიწადში 130 000 კვ.მ. ნაწრთობი მინის წარმოებას შეძლებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 180 000 ლარია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება გათვლილი და მსგავსი პროდუქციის იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ჩაანაცვლებენ. ნაწრთობი მინის საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, თბილისში, იპოლიტ-ივანოვის ქუჩა N12-ში მდებარე სამრეწველო ზონაში აშენდება. ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 422 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ ლარზე მეტია.