აშშ-ს სახელმწიფო ვალი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში 2 ტრილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ქვეყნის ხაზინის მონაცემების ანალიზის მიხედვით იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სახელმწიფო ვალი, რესპუბლიკელების მიერ წარმომადგენლობითი პალატისა და კონგრესის კონტროლის განმავლობაში 22 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, პროცენტულად კი ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში 10%-ით.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ გადაჭრიდა ამ უზარმაზარი სახელმწიფო ვალის პრობლემას ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ან „რვა წელიწადში“. ის ირწმუნებოდა, რომ მისი რეფორმების შემდეგ დაიწყებოდა ეკონომიკური აღმასვლა, რომელიც საშუალებას მისცემდა აშშ-ს, გადაეხადა ვალი ფულადი სახით. ხოლო უკვე პრეზიდენტობის დროს აცხადებდა, რომ ამოქმედებული გადასახადები მიემართებოდა სწორედ სახელმწიფო ვალების დაფარვისკენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო ვალი არის მემკვიდრეობა მწვავე ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ქვეყანამ 2007-2008 წლებში გამოიარა. ცნობისათვის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ქვეყნის სახელმწიფო ვალი 9 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და 20 ტრილიონს მიუახლოვდა. ამერიკელი ექსპერტების ვარაუდით, ეს ციფრი შესაძლოა, 2026 წლისთვის 30 ტრილიონამდე გაიზარდოს, მაშინ როცა ამჟამად ქვეყნის მშპ შეფასებულია 19,5 ტრილიონ დოლარად.