საფრანგეთის ეკონომიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში უცხოურ ინვესტიციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონი ამოქმედდა. კანონი გასულ თვეს პარლამენტმა მიიღო.
კანონის თანახმად, ამიერიდან უცხოურ ინვესტიციებზე კონტროლი მყარდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის სფეროები, ასევე საავიაციო და კოსმოსის მიმართულება, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება.
ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებით, ამიერიდან ამ სფეროს კომპანიები თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობენ, ხოლო იმ ინვესტორების წინააღმდეგ, რომლებიც კანონს დაარღვევენ, გამოყენებული იქნება ძლიერი კონტრზომები. მისივე თქმით, აღნიშნული კანონი თანხვედრაშია იმ ევროპულ კანონმდებლობასთან, რომელიც გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაფილტვრას და რომელიც უნდა ამოქმედდეს უახლოეს მომავალში ევროკავშირში.
აღსანიშნავია, რომ 15 იანვრიდან საფრანგეთის პარლამენტი კიდევ ერთ კანონპროექტს განიხილავს ამ სფეროში, რომელიც გააძლიერებს კონტროლის მექანიზმებს უცხოურ ინვესტიციებზე ამჯერად ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ჯანდაცვის სფეროებში.