დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის 3 იანვრის მდგომარეობით, 2018-2019 წლების „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას (გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 20,614 ტონა მანდარინი).

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი ქვეყნები, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება, რუსეთი, უკრაინა და სომხეთია. ასევე, ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეისათვის, მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდე მერყეობს.

„რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, დღეისათვის ის 9,140 ტონას შეადგენს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 7,949 ტონა იყო.

მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ოპერატიული გაცემის მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, გახსნილია და ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

„ნარინჯისფერ რთველთან“ დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მიღება შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1501).

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.