„თბილისში ფართების დაქირავება ძალიან ძვირია“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი.
მისივე თქმით, გასაქირავებელ ფართებზე დაწესებული მაღალი ფასები კონკრეტულად მის ბიზნესს გაფართოების საშუალებას არ აძლევს.
„თბილისში ფართების დაქირავება ძალიან ძვირია. მაგალითად, ქალაქის ცენტრში 500-600 კვ.მ ფართის დაქირავება თვეში 20-30 ათასი დოლარი გვიჯდება. ეს ძალიან დიდი თანხაა, რაც ახალი მაღაზიების გახსნას და ინვესტიციების განხორციელებასაც აფერხებს. ამას ემატება შემცირებული მსყიდველუნარიანობაც, რაც ბიზნესზე ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა.
ამასთან, მეჰმედ მელექის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საქართველოში საინვესტიციო გარემოც შეიცვალა და ქვეყანაში განხორციელებულმა რეგულაციებმა ინვესტიციების შემოსვლა შეამცირა.
„ბოლო ოც წელს თუ გადავხედავთ, საქართველოში ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, 2-3 წელია ვხედავ, რომ ინვესტიციების ტემპი შენელდა. ამას თავისი მიზეზები აქვს - პირველ რიგში, ის, რომ უკვე ბევრი რაღაც აშენდა და ალბათ, მოთხოვნაც შემცირებულია. ამასთან, საინვესტიციო გარემოზე იმოქმედა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამაც და რეგულაციების ამოქმედებამ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო შეცვლილია და ისიც ნეგატიურად“, - განაცხადა მეჰმედ მელექმა.
კომპანია „ბეკო“ ქართულ ბაზარზე 1997 წელს შემოვიდა. ამჯერად კომპანიას საქართველოს მასშტაბით 61 გაყიდვის წერტილი აქვს.