ლადო პაპავა „360 გრადუსის“ წამყვანს - თამბაქოს აქციზის საკითხზე თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ გაიმარჯვეთ, ეს თქვენი დამსახურებაა და არა მთავრობის

ექსპერტი ლადო პაპავა გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ იმ მასალას ეხმაურება, რომელშიც გაშიფრული იყო სქემა, როგორ ასაღებდა თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავდა.

ამ სტატიის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრება და აღნიშნული საკანონმდებლო ხვრელის აღმოფხვრა.

როგორც პაპავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ამ საკითხზე მუშაობის დაწყება „პალიტრა მედიის“ დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

„ეს თქვენი თემაა. გილოცავთ! თქვენ გაიმარჯვეთ! შესანიშნავია, რაც თქვენ გააკეთეთ. ბიზნესმენებმა შექმნეს „ინოვაციური“ პროდუქტი, მაგრამ ეს ის ინოვაციაა, რომელიც საზიანოა ქვეყნისთვის. ისიც ინოვაციაა, მოიფიქრო ისეთი რამ, რითაც გვერდი შეგიძლია აუარო კანონს. პირადად თქვენ და თქვენმა ტელევიზიამ გაიმარჯვეთ ამ საქმეში, ეს თქვენი დამსახურებაა და არა მთავრობის. გონიერია მთავრობა, როდესაც მედიას უგდებს ყურს და პირადად თქვენ დაგიგდოთ ყური და ძალიან კარგი. გილოცავთ და ბევრი ასეთი წარმატებული ნაბიჯი გადაგედგათ“, - განაცხადა პაპავამ.

საუბარია „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე, სადაც გაშიფრული იყო სქემა, რომლითაც თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებდა და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავდა. კონკრეტულად კი ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტს საჩუქრად მოჰყვებოდა 20 ცალი ფილტრი, რომელიც ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტს ფილტრიანად გადააქცევდა. ამ გზით თამბაქოს ინდუსტრია თავს არიდებდა ფილტრიანი სიგარეტისთვის განკუთვნილი აქციზის გადასახადის 1,70 ლარი) გადახდას და უფილტრო სიგარეტის აქციზის განაკვეთით (0,60 ლარი) იბეგრებოდა.

საგადასახადო კოდექსში“შესული ცვლილებებით 1-ელი იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთი გათანაბრდა და 20 ღერზე 1.7 ლარი შეადგინა. ამ ერთგვარი საკანონმდებლო ხვრელის აღმოფხვრით, ბიუჯეტი წელიწადში დამატებით დაახლოებით 50 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებას შეძლებს.