დეკლარაციის არასწორად შევსების გამო 348 თანამდებობის პირი დაჯარიმდა

2018 წლის განმავლობაში ჯამურად, 448 პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა.

თუმცა, მათგან 31 დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა და შესაბამის პირებს მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. შესაბამისად, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 348 პირი გარკვეული დარღვევების გამო დაჯარიმდა. ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში.

სტატისტიკურად, დადებითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული დეკლარაციების 13%-ს შეადგენს, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა დეკლარაციების 7%-ში, უარყოფითად შეფასდა შემოწმებული დეკლარაციების 78%, ხოლო დეკლარაციების 2%-ზე წარმოება შეწყდა.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე (კანონში გაჩნდა ჩანაწერი არაარსებითი დარღვევის შესახებ და განიმარტა არაარსებითი დარღვევის ხარისხი. დეტალურად გაიწერა შემთხვევები, რომლებიც წარმოადგენს არაარსებით დარღვევას დეკლარაციაში ასახულ სხვადასხვა მონაცემთან მიმართებაში) ერთმანეთისაგან გაიმიჯნა დარღვევის ორი კატეგორია: არსებითი და არაარსებითი დარღვევები, მონიტორინგის პროცესში შესაძლებელი გახდა რიგ შემთხვევებში არ მომხდარიყო თანამდებობის პირების დაჯარიმება ისეთ შეუსაბამობებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან დარღვევას და ასეთი შემთხვევა 2018 წლის განმავლობაში იყო 31.

მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ 2017 წელთან შედარებით ისეთი დარღვევა, რომელიც ეჭვს აყალიბებდა იმის შესახებ, რომ დარღვევის ხარისხი შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენდა, მნიშვნელოვნად შემცირდა (2017 წელს 7 დეკლარაცია გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში) და 2018 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო,“-აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება დარღვევებს, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგისას გამოვლინდა და მათი უარყოფითად შეფასების საფუძველი გახდა, შემდეგია:

  • შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში (დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური ფართი, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზებში)
  • დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ ნაშთსა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის;
  • დაუდეკლარირებელი საბანკო (დამხმარე) ანგარიშები, ;
  • შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში;
  • სამეწარმეო საქმიანობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილების ან/და ინდივიდუალური მეწარმეობის თაობაზე ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საწარმო დაფუძნებიდან დღემდე ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს;
  • ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არ დაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება, წლიური შემოსავალის არასწორად/ზეპირად დაანგარიშება და არა დაწესებულების ბუღალტრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დაბეგრილი (ხელზე მიღებული) შემოსავალის დეკლარირება დაუბეგრავის (დარიცხულის) ნაცვლად.
თაია არდოტელი