სომხეთი ირანული გაზის მიღებას განიხილავს

სომხეთის რესპუბლიკაში ირანული გაზის მიღებას განიხილავენ.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ირანული გაზის მიღების საკითხი მუდმივად განხილვის თემაა. ჩვენ მას განვიხილავთ მანამ, სანამ არ იქნება ნაპოვნი კონკრეტული ხელსაყრელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა სომხეთის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა.

ფაშინიანმა აქვე დასძინა, რომ ერევანი ამავდროულად განაგრძობს მოლაპარაკებებს მოსკოვთან გაზის საფასურის შესახებ.

„ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ინტერესები,“ - დასძინა მან.

როგორც მანამდე კომპანია Газпром-ის პრესსამსახურში განაცხადეს, 1 იანვრიდან სომხეთისთვის რუსული გაზის საფასურს გადახედავენ. ამ ეტაპისთვის რუსული გაზის ფასი სომხეთისთვის ათას კუბურ მეტრზე 165 დოლარს შეადგენს, აქამდე კი სომხები რუსულ გაზში 150 დოლარს იხდიდნენ.

კოკა კვირკველია