ამერიკულმა კომპანია Mastercard-მა ლოგოში ცვლილებების შესახებ გამოაცხადა.
როგორც ცნობილი გახდა, მისი ლოგოდან გაქრება კომპანიის დასახელება. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ერთმანეთში გარდამავალი ყვითელი და წითელი წრეები, რომელიც ყველასთვის ცნობილია, როგორც Mastercard-ის სიმბოლო, ამიერიდან ბარათებზე დატანილი იქნება ბრენდის დასახელების გარეშე, როგორც ახალი ემბლემა საგადასახადო სისტემის რეალურ და ვირტუალურ სივრცეში. ჩვენი ემბლემა ახალი სახით ასევე გამოჩნდება ყველა ობიექტში, რომლის სპონსორიც კომპანია გახლავთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ახალი დიზაინი ამერიკულ კორპორაციას საშუალებას მისცემს „უფრო ორგანულად“ ფუნქციონირებდეს ინტერნეტში. Mastercard-ის მარკეტინგის ხელმძღვანელის, რაჯა რაჯამანარის თქმით, მსგავსი ნაბიჯები დაკავშირებულია თანამედროვე მსოფლიოს სიმარტივისკენ ლტოლვით. მისი თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ცვლილებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც გამოკითხულთა 80%-მა მხარი დაუჭირა ცვლილებას. წითელი და ყვითელი წრეები უკვე 50 წელია კომპანიის განმასხვავებელი ნიშანია და სიმბოლოა კომპანიის იმ დანაპირებისა, რომლის მიხედვითაც მას სურს „გააერთიანოს ადამიანები ფასდაუდებელ შესაძლებლობებთან“.
Mastercard ეს არის ტრანსნაციონალური ფინანსური კორპორაცია - საერთაშორისო საგადასახადო სისტემა. ის ფუნქციონირებს მსოფლიოს 210 ქვეყანაში.