ამერიკულმა კომპანიამ Tesla ოფიციალურად დაიწყო ჩინეთში, შანხაის მახლობლად მისი პირველი გიგაქარხნის მშენებლობა ამერიკის ფარგლებს გარეთ.
ქარხანაში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება. როგორც ადგილობრივი სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, გარდა იმისა, რომ ეს იქნება ამერიკული კომპანიის პირველი ქარხანა შტატების ფარგლებს გარეთ, ის ასევე იქნება პირველი უცხოური კომპანია ჩინეთში 100%-იანი უცხოური კაპიტალით. ქარხნის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი გასული წლის ივლისში მოეწერა, ხოლო პირველი ავტომობილის გამოშვება კონვეიერიდან უკვე 2020 წლისთვის იგეგმება. ხელშეკრულების თანახმად, ამერიკული კომპანია თავად განახორციელებს ქარხნის მშენებლობაში ინვესტირებას. აღნიშნულმა საწარმომ წლიურად 500 ათასი ავტომობილის წარმოება უნდა შეძლოს.
პროექტი არა მხოლოდ წარმოებას, არამედ კვლევისა და განვითარების კომპონენტს და პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე განვითარების კომპონენტებსაც მოიცავს. ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი, თუმცა მანამდე ადგილობრივი პრესა წერდა, რომ ეს იქნება უმსხვილესი უცხოური ინვესტიცია და საწარმო შანხაის რეგიონში. ჯერ კიდევ აგვისტოში Bloomberg წერდა, რომ Tesla მზად იყო ამ პროექტში 5 მილიარდი დოლარის ინვესტირება განეხორციელებინა და ამავდროულად მოეზიდა ადგილობრივი ფინანსური რესურსი პროექტის თანადაფინანსებისთვის. ქარხნისთვის ტერიტორიის შეძენის შესახებ შეთანხმება 2018 წლის ოქტომბერში შედგა. საუბარია 864,8 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე, რომლის გამოყენების უფლება Tesla-მ 50 წლით მოიპოვა.