მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება

გახსნიდან ერთი წლის თავზე მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება.

ეს ის სავაჭრო ობიექტია, სადაც დახლებზე მხოლოდ ადგილობრივი პროდუქცია იყო განთავსებული და მისი გახსნის მიზანიც, სწორედ ქართული წარმოების პოპულარიზაციას წარმოადგენდა. როგორც მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო სოხაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემებია, რომელიც მომხმარებლების სიმცირემ გამოიწვია. მისი თქმით, ამას დაემატა დიდი საიჯარო გადასახადი და იმ პირობებში, როდესაც მაღაზიას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ხელშეწყობა არ აქვს, ობიექტს საკუთარი თავის შენახვაც კი უჭირს.

მაღაზია „მხოლოდ ქართული“ 2018 წლის 25 იანვარს გაიხსნა და საწყის ეტაპზე 60 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სავაჭრო ობიექტში 2500-მდე სახეობის ქართული პროდუქცია იყო წარმოდგენილი, თუმცა ამჟამად მათი ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც მაღაზიის დამფუძნებელი აცხადებს, წარმოდგენილი პროდუქცია ძირითადად იმ წვრილ და საშუალო მეწარმეებს ეკუთვნით, რომელთაც ქსელურ მარკეტებში შესვლა საგადასახადო პოლიტიკის გამო უჭირთ. ნინო სოხაძის თქმით, ახლა მათ საკუთარი პროდუქტის რეალიზება ისევ გამოფენა-გაყიდვების საშუალებით მოუწევთ.

„სამწუხაროდ, მაღაზია „მხოლოდ ქართული“ იხურება. ამის მიზეზია ფინანსური პრობლემები, საიჯარო ქირა, კომუნალურები და აშ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მაღაზია ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც მხოლოდ ქართულ პროდუქტი იყიდება, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი შეღავათი არ გვქონია. მართლა ყველანაირად ვცდილობდით, რომ ქართული წარმოების პოპულარიზაცია მოგვეხდინა და ხელი შეგვეწყო საშუალო და წვრილი მეწარმეებისთვის, რომ საკუთარი პროდუქცია განეთავსებინათ ჩვენთან. კარგად მოგეხსენებათ, დიდ ქსელებში ასეთი წარმოება ვერ ხვდება, რადგან ამ ტიპის მარკეტებს თავიანთი საგადასახადო პოლიტიკა აქვთ. ამისთვის საჭიროა კოლოსალური თანხა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს არ აქვთ. ჩვენთან ნებისმიერი ქართველი მეწარმისთვის კარი ღია იყო. მთავარი პირობა, რომლის დაკმაყოფილებაც უწევდათ, იყო ის, რომ ადგილობრივი და ხარისხიანი პროდუქცია ყოფილიყო“,-აცხადებს ნინო სოხაძე.

აღსანიშნავია, რომ მაღაზია გახსნიდან 6 თვის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა. მაშინ „ბინზნესპრესნიუსი“ წერდა კიდეც, რომ მაღაზია კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავდა. თუმცა როგორც ნინო სოხაძე აცხადებს, მოგვიანებით „მხოლოდ ქართულის“ გვერდით 3 ქსელური მარკეტი გაიხსნა და მათთან მომხმარებლებიც შემცირდა.

„ჩვენ ვერ გავთვალეთ, რომ ადგილი, სადაც მაღაზა გავხსენით (მიცკევიჩზე ) არც თუ კარგი ლოკაცია აღმოჩნდებოდა. ალბათ, უფრო ტურისტებზე უნდა გაგვეთვალა, რადგან სამწუხაროდ, ქართველების ცნობიერებამდე ჯერ ვერ მივიდა ის, თუ ადგილობრივი პროდუქტის ყიდვას რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის და თუნდაც საკუთარი თავისთვის. გარდა ამისა, ჩვენი მაღაზიის გახსნის შემდეგ, გვერდით 3 ქსელური მარკეტი გაიხსნა და როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებელს ურჩევნია იყიდოს დაბალ ხარისხსიანი, მაგრამ იაფი პროდუქტი. შესაბამისად, შემცირდა მომხარებლების რაოდენობაც, ძირითადად ტურისტები შემოდიოდნენ.

რაც შეეხება ჩვენთან განთავსებულ 2500-მდე სახეობის ქართულ პროდუქციას, მათი მცირე ნაწილი კიდევ რამდენიმე გაყიდვის წერტილში იყო წარმოდგენილი, მაგრამ უმეტესობა ალბათ, გამოფენა-გაყიდვებზე მოახდენს თავის რეალიზებას, სხვა გამოსავლი არ არის“,-აცხადებს ნინო სოხაძე.

როგორც „მხოლოდ ქართულის“ დამფუძნებელი ამბობს, ამ ეტაპზე დახურვის ალტერნატივა არ არსებეობს, თუმცა სამომავლოდ, თუ ასეთი ტიპის მაღაზიებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება, ალბათ, ტურისტულ ზონაში მისი გახნა საუკეთესო გამოსავალი იქნება.

„ამ ეტაპზე დახურვის ალტერნატივა არ არსებობს, რადგან ამ ფართს კერძო მფლობელი ჰყავს და თავის მხრიდან რაც შეეძლო, შეღავათებზე წამოვიდა. თუმცა, სამწუხაროდ, შედეგი ვერ დაიდო. ვფიქრობთ, რომ გადარჩენის ერთადერთი ალტერნატივა მაღაზიის ტურისტულ ზონაში გახსნაა. თუმცა თუ სახელმწიფო დონეზე არ მოხდა ამ საკითხის განხილვა და გარკვეული თუნდაც საიჯარო შეღავათების დაწესება, ესეც ვერ გაამართლებს, რადგან ტურისტულ ზონაშიც ძირითადად კერძო საკუთრებაა და ქირა ძალიან ძვირია, რომლის გადახდაც ჩვენთვის თითქმის შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში დავრწმუნდით, რომ გამოსავლი არ არსებობს. 1 წელი მუშაობისთვის საკმაოდ დიდი დროა და ყველა საშუალება განვიხილეთ მანამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით. ყველაზე ძალიან ჩვენ გვწყდება გული, რადგან უზარმაზარი შრომა და ენერგია გვაქვს ჩადებული, ჯერ მარტო ამდენი ქართველი მწარმოებლის მოძიებაში...“ -ამბობს ნინო სოხაძე.

ნინი ქეთელაური