ქონებრივ დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევების გამო 2017-2018 წლებში სამართალდამცავ ორგანოებს ჯამში, 8 პირის საქმე გადაეგზავნა. აქედან, პროკურატურამ 2017 წელს 7 პირის საქმის შესწავლა დაიწყო; თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროკურატურას არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია თუ რა ეტაპზეა და რამდენ ხანს გაგრძელდება ამ 7 პირის შესახებ დაწყებული საქმის მოკვლევა. 2018 წელს კი მხოლოდ 1 პირის საქმე გადაეგზავნა შესასწავლად.
საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ჯამში, 448 პირის ქონებრივი დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 379 დეკლარაცია უარყოფითად შეფასდა. თუმცა, მათგან 31 დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა და შესაბამის პირებს მხოლოდ გაფრთხილება მიეცათ. ხოლო 348 პირი სხვადასხვა დარღვევების გამო დაჯარიმდა.
სტატისტიკურად, დადებითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული დეკლარაციების 13%-ს შეადგენს, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა დეკლარაციების 7%-ში, უარყოფითად შეფასდა შემოწმებული დეკლარაციების 78%, ხოლო დეკლარაციების 2%-ზე წარმოება შეწყდა.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2017 წელთან შედარებით ისეთი დარღვევა, რომელიც ეჭვს აყალიბებდა იმის შესახებ, რომ დარღვევის ხარისხი შესაძლებელია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენდა, მნიშვნელოვნად შემცირდა (2017 წელს 7 დეკლარაცია გადაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოში) და 2018 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა მხოლოდ ერთი იყო,“-აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2 800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.