ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე Passagen 2019 საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
კერძოდ, სააგენტოს, გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ქართული ავეჯის კლასტერის ორგანიზებით, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში დაგეგმილ გამოფენაზე მონაწილეობას 4 ქართველი დიზაინერი და ავეჯის მწარმოებელი - შპს „ფუნდუკი“, შპს „დიზაინ ბიურო“, შპს XYZ და ინდმეწარმე ანუკა თავართქილაძე მიიღებენ.
გამოფენა Passagen 2019, დიზაინის მიმართულებით, გერმანიაში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენა, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თავმოყრილ საგამოფენო სივრცეებში, ავეჯის მაღაზიებსა და შოურუმებში იმართება. ღონისძიებას დიზაინის საერთაშორისო ექსპერტები, პოტენციული პარტნიორების მაძიებელი კომპანიები, მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გააცნონ საკუთარი პროდუქცია და პოტენციალი ფართო საზოგადოებას. მონაწილეებს შემუშავებული აქვთ ერთიანი კონცეფცია ღვინის თემატიკაზე და საერთო სივრცეში გამოიფინება ღვინის ავეჯი. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართება საქართველოს, როგორც ღონისძიების საპატიო სტუმრის საპრეზენტაციო წვეულება, სადაც ქართული მხარე სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლებს. ცნობისთვის, ავეჯის საერთაშორისო გამოფენა მიმდინარე წლის 14-20 იანვარს გაიმართება.