ჩინელმა გამომგონებლებმა რეკორდული რაოდენობის პატენტი მიიღეს

ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთის მიერ დაპატენტებული გამოგონებების რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ექსპერტების აზრით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ჩინეთი ამ მაჩვენებლით გერმანიას გაასწრებს. როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, 2018 წელს ამერიკამ ჩინელი გამომგონებლებისთვის რეკორდული რაოდენობის პატენტი გასცა.

მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩინელი გამომგონებლებისთვის გაცემული იყო 12 589 პატენტი, რაც ათჯერ აღემატება ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს (1223).

2017 წელთან შედარებით, გასულ წელს ჩინელი გამომგონებლებისთვის გაცემული პატენტების რიცხვი 12%-ზე მეტით არის გაზრდილი, რაც საუკეთესო ზრდის მაჩვენებელია ყველა სხვა ერის მაჩვენებელს შორის. ჩინეთი თუ გერმანიას გაასწრებს მიღებული პატენტების რაოდენობით, მაშინ ექნება შანსი, დაიკავოს მესამე ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომლის გამომგონებლები ყველაზე მეტ პატენტს იღებენ აშშ-სგან. 2018 წლის მონაცემებით, ამ თვალსაზრისით მესამე ადგილი სამხრეთ კორეას ერგო, მეორე ადგილს იკავებს იაპონია, ხოლო რეიტინგის უპირობო ლიდერი კი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის გამომგონებლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 143 ათასი პატენტი მიიღეს.

მხოლოდ IBM-ის წილად 9,1 ათასი პატენტი გაიცა, რამაც მისცა მას შესაძლებლობა ზედიზედ 26-ედ შეენარჩუნებინა ლიდერის პოზიცია მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. კომპანიების პირველ ათეულში, რომლებმაც ყველაზე მეტი პატენტი მიიღეს აშშ-სგან, ასევე მოხვდნენ: Intel, Microsoft, Qualcomm, Apple, Samsung Electronics, Canon, LG Electronis და Taiwan Semiconductor Manufacturing Co.