ზურაბ ჯაფარიძე : საწვავზე, მედიკამენტებსა და სურსათზე ფასების ზრდის მიზეზი ლარის გაუფასურებაა

საწვავზე, ისევე როგორც მედიკამენტებსა და სურსათზე, ფასების ზრდის რეალური მიზეზი ლარის გაუფასურებაა.

ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ლარის გაუფასურება ხელოვნურად ხდება, რათა ხელისუფლებამ საბიუჯეტო შემოსავლების გეგმის შესრულება უზრუნველყოს.

"ხელისუფლება აცხადებს, რომ 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების შემდეგ საწვავზე ფასი 10-15 თეთრით შემცირდა და კლების ტენდენცია აღინიშნება. ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ამჟამინდელი საწვავის ფასის მატება გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრებზე ე.წ. პლატს-ის ფასების ზრდით. ორივე ეს განცხადება ტყუილია. 2012 წლის აპრილში, როდესაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე საუბრობდა, საწვავზე ფასი 2.05 - 2.10 ლარი იყო. დღეს საწვავის ფასია - 2.14 - 2.32 ლარი. ანუ, საწვავზე ფასი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა 10-20 თეთრით და შესაბამისად, ტენდენცია ზრდისკენაა მიმართული და არა კლებისკენ. 2012 წლის აპრილში, როდესაც იზორია საუბრობდა საწვავის ბაზარზე არსებულ მონოპოლიებზე და საწვავის ხელოვნურად გაზრდილ ფასზე, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დაახლოებით იყო 121 აშშ დოლარი ბარელზე. მაისში საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი არის დაახლოებით 110 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 11 დოლარით ნაკლები, თუმცა საწვავზე ფასმა საქართველოში კვლავ მოიმატა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.