„მსოფლიო ბანკი“ 2019 წლისთვის ნავთობზე საშუალო ფასის ვარდნას, ბარელზე 67 დოლარამდე პროგნოზირებს.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში -„მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები“.
„მოსალოდნელია, რომ ბარელი ნავთობის ფასი 2019-2020 წლებისთვის 67 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც 2 დოლარით ნაკლებია ივნისში გაკეთებულ პროგნოზზე. თუმცა, პროგნოზების ცდომილება მაღალია. როგორც ცნობილია, 2018 წელს ნავთობზე საშუალო ფასმა ბარელზე 68 დოლარი შეადგინა, რაც მცირედით ნაკლებია ივნისის პროგნოზებზე და დაახლოებით 30%-ით მეტია, ვიდრე 2017 წელს,“ - წერია ანგარიშში.
„მსოფლიო ბანკში“ განმარტავენ, რომ ამ მონაცემებში მოცემულია მარტივი არითმეტიკული დაანგარიშება Brent, Dubai და WTI მარკის ნავთობებზე. სპეციალისტების პროგნოზით, აღნიშნული ფასი ნავთობზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ამასთანავე, შენარჩუნდება ნავთობზე არსებული მოთხოვნაც.