„პროკურატურამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოს, რადგან მითქმა-მოთქმა ხალხისთვის შეიძლება, პანიკის გამომწვევი აღმოჩნდეს"

„ამდენი ხნის განმავლობაში „თიბისი ბანკი“ ითვლებოდა ასე ვთქვათ, წმინდა ორგანიზაციად, მაგრამ თურმე არც ისეთი სისუფთავე ყოფილა შიგნით,“ - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკში“ გამოძიების დაწყებას. ჭიჭინაძის თქმით, პროკურატურა აღნიშნულ ბანკში უსაფუძვლოდ არ შევიდოდა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანომ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, იმისათვის, რომ ხალხში პანიკა არ გაჩნდეს.

„რადგან პროკურატურა შევიდა „თიბისი ბანკში“, ე.ი. გარკვეული საფუძველი აქვთ და ჯობია ჩვენც ვიცოდეთ, რასთან არის ეს დაკავშირებული. პროკურატურამ მეტი ინფორმაცია უნდა გაავრცელოს, რომ მითქმა-მოთქმები არ იყოს. ეს მითქმა-მოთქმა ხალხისთვის შეიძლება პანიკის გამომწვევი აღმოჩნდეს, პანიკა კი ბანკისთვის საკმაოდ მძიმე შედეგით შეიძლება დამთავრდეს. ყოველთვის ჯობია მოსახლეობამ კონკრეტულად იცოდეს, რასთან მიმართებაშია გამოძიება დაწყებული - ემუქრება ეს ბანკის სტაბილურობას თუ რაღაც კონკრეტული დანაშაულია. თუ კონკრეტული დანაშაულის გამოძიება ხდება, ეს ერთია და თუ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ფულის გათეთრება ან გადამალვაა, ეს მეორე პრობლემაა. ამას შეიძლება დიდი ამბავი მოჰყვეს და ბანკის სტაბილურობას ხიფათი შეექმნას. ვფიქრობ, ამიტომ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს პროკურატურამ, რომ არ ვიმარჩიელოთ,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, - აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.