საინვესტიციო კომპანია „გოლდმენ საქსმა“ 2019 წლისთვის ნავთობის საშუალო ფასის პროგნოზი შეამცირა.
ამის მიზეზად ბაზარზე მიწოდების სიჭარბე და ფიქალურ საბადოებზე მოპოვების ინტენსივობის ზრდა დასახელდა. კომპანიის ახალი პროგნოზით, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 62.50 დოლარი იქნება. უფრო ადრეული პროგნოზით, საშუალო ფასი 70 დოლარის დონეზე იყო ნავარაუდები.
რაც შეეხება ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) მარკის ნავთობს, „გოლდმენის“ ვარაუდით, მისი წლიური საშუალო ფასი 55.50 დოლარი უნდა იყოს. ადრინდელი პროგნოზით, WTI-ს საშუალო ფასი 64.50 დოლარის დონეზე უნდა ყოფილიყო. პროგნოზულ ფასებს ასევე ამცირებს ბანკი „სოსიეტე ჟენერალი“, რომლის ვარაუდითაც, ბარელი ბრენტის საშუალო ფასი 64.25 დოლარი, WTI-ს ფასი კი 57.25 დოლარი იქნება. „გოლდმენ საქსის“ ინფორმაციით, OPEC-ის მიერ გასული წლის მეორე ნახევარში წარმოების გაზრდის წყალობით, ამჟამად ბაზარი გაჯერებულია. გარდა ამისა, აშშ-ის პერმეინის აუზის ნავთობსადენი მალე სრული დატვირთვით ამუშავდება.
გარდა ამისა, ბრაზილიასა და კანადაში დაწყებული დიდი პროექტები მუშაობას წელს დაიწყებენ. ეს ყველაფერი, OPEC-ის მიერ მიწოდების შეკვეცის შეთანხმების მიუხედავად, ბაზარზე მიწოდების სიჭარბეს შექმნის. ოქტომბერში ნავთობის ფასმა ბოლო 4 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს, 86 დოლარს მიაღწია, თუმცა წლის ბოლომდე 42 პროცენტით გაიაფება მოასწრო. ამის მიზეზი გახდა აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობით გამოწვეული, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება. გარდა ამისა, რიგი მიზეზების გამო, დოლარის კურსი გაიზარდა, რამაც ნავთობის ფასის ფარდობითი კლება გამოიწვია.