ბრექსიტის გამო ბრიტანეთიდან 1 ტრილიონი დოლარის აქტივები გაედინება

საკონსულტაციო ფირმა „ერნსტ ენდ იანგის“ (EY) ინფორმაციით, ბრექსიტის გამო ბრიტანეთიდან ევროკავშირის მიმართულებით, დაახლოებით, 800 მილიარდი სტერლინგის (დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი) ღირებულების აქტივების გადინება მოხდება.

ბრიტანეთს, რომელიც ევროკავშირს მარტში დატოვებს, ბრექსიტთან დაკავშირებული ხელშეკრულება ჯერ არ დაუმტკიცებია. ქვეყნის პარლამენტი შეთანხმების პროექტს, რომელიც ბრიუსელთან შეთანხმებულია, მომავალ კვირაში უყრის კენჭს.

„რაც უფრო ახლოვდება 29 მარტი, მით მეტი აქტივი გადის ქვეყნის გარეთ და ეს პროცესი უფრო ინტენსიური ხდება“, - ამბობს „ერნსტ ენდ იანგის“ ფინანსურ მომსახურებათა ლიდერი ომარ ალი.

„ერნსტ ენდ იანგი“ 222 ფინანსური ფირმის ბრექსიტთან დაკავშირებულ გეგმებს, 2016 წლიდან სწავლობს, მას შემდეგ რაც ბრიტანეთში ბრექსიტის რეფერენდუმი ჩატარდა.

ბოლო კვლევის შემდეგ, კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 80 კომპანიას უკვე გადაწყვეტილი აქვს აქტივების და შტატის ნაწილობრივ ან სრულად გადაადგილება.

„ერნსტ ენდ იანგის“ მიერ ჩატარებული გათვლებით, ბრიტანეთიდან ჯამში, დაახლოებით, 800 მილიარდი სტერლინგის აქტივების გადაადგილებაა მოსალოდნელი.

შედარებისთვის, ქვეყნის საბანკო სექტორის ფინანსური მოცულობა 8 ტრილიონ სტერლინგს აღწევს. ბრიტანეთიდან გასული აქტივების დიდი ნაწილი ახალ ბინას ფრანკფურტში დაიდებს, სადაც დაახლოებით, 750-800 მილიარდი ევროს აქტივები გადაინაცვლებს. ფრანკფურტის გარდა, აქტივების გადაადგილება დუბლინის, ლუქსემბურგის, პარიზის მიმართულებით ხდება. აქტივებს კი მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის მიგრაციაც თან ახლავს. ინგლისის ბანკის ვარაუდით, საბანკო სექტორის დაახლოებით 4 000 თანამშრომელი ევროკავშირში გადაინაცვლებს.