„ერთი თუ წაიქცა, ყველა მიყვება დომინოს პრინციპით!“

„თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციის პროკურატურის მიერ შესწავლის ფაქტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ასლანიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2008 წლის აგვისტო. იმ დროს, ბანკ რესპუბლიკის (societe generale) კომერციული დირექტორი გახლდით. ზედმიწევნით კარგად მახსოვს საქართველოს ეკონომიკამ და საბანკო სისტემამ ბეწვის ხიდზე როგორ გაიარა. ორი რამ იყო მაშინ მთავარი, პირველი ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბანკო სისტემის გადარჩენა.

მახსოვს ის ყოველწუთიერი შეხვედრები, გაუთავებელი ზარები, დაპანიკებული მეანაბრეები. იმ დროს ყველას კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ერთი თუ წაიქცა ყველა წავიქცეოდით და ვერასდროს ვეღარ დავდგებოდით ფეხზე! ბანკების ლიკვიდობის მმართვა საათობრივად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანა კი სპეცრეისებით ხდებოდა, რათა პანიკა ჩამქრალიყო! არც ერთი საათი შეფერხება არ იყო არც ფილიალში, არც ბანკომატში! ეს ყველაფერი ერთად შევძელით! ფასდაუდებელი იყო მაშინდელი ეროვნული ბანკის და მისი მენეჯმენტის ეფექტურობა, კოორდინაცია, კომუნიკაცია!

დღეს რას ვხედავთ? ძალით გვინდა დავაზიანოთ ის რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვებრძვით იმას რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ!

განვმეორდები: ერთი თუ წაიქცა, ყველა მიყვება დომინოს პრინციპით!,“-წერს ასლანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკიდან“ დოკუმენტაციის ამოღებისა და შესწავლის შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე პროკურატურაში განაცხადეს, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. მათი ცნობით, საქმესთან შემხებლობაში არსებული ყველა პირი უკვე დაკითხულია.