მიმდინარე სეზონზე ქართველ ფერმერებს ხურმის მოსავალი თითქმის გაუნადგურდათ.
როგორც ფერმერების ნაწილი East Fruit-თან საუბრისას აცხადებს, ამის მიზეზი ის იშვიათი დაავადებებია, რომელმაც ნაყოფი დამწიფებამდე გააფუჭა. ფერმერი ანზორ მსხილაძის ბაღი ორი რაიონის, გურიისა და იმერეთის საზღვარზე, სოფელ ვაზისუბნის მახლობლად 19 ჰექტარზეა გაშენებული, საიდანაც 7 ჰექტარი - ხურმას, 7 ჰექტარი - კაკალს, ხოლო 5 ჰექტარი ალუბალს უკავია.
როგორც ანზორ მსხილაძე East fruit-თან საუბრისას აცხადებს, მისი ბაღი 12 წლის წინ გაშენდა და თანამედროვე სარწყავი სისტემით აღიჭურვა. თუმცა, მისი თქმით, ბოლო 2 წელია რაც მოსავალს პრობლემები აქვს. ანზორ მსხილაძის ინფორმაციით, პროდუქტი ნაყოფის გამოღებისთანავე განადგურდა და შეწამვლის მიუხედავად, მოსავალი თითქმის მთლიანად დაიკარგა.
ფერმერმა ნაყოფი და ფესვები ლაბორატორიულად შეამოწმებინა და მასში იშვიათი ჯიშის სოკოვანი დაავავებები აღმოჩნდა. ანზორ მსხილაძის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში სხვა ფერმერებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. „ახლახან კონტაქტი მქონდა ერთ-ერთ ცნობილ აგროსაკონსულტაციო კომპანიასთან, სადაც შემპირდნენ დახმარებას. მოვლენ, ადგილზე შეისწავლიან და განსაზღვრავენ თუ რა პრეპარატებითა და ინტენსივობით უნდა მოხდეს შეწამვლა, რათა ხურმის ბაღი დაავადებებისგან გათავისუფლდეს“, - ამბობს ფერმერი.
ხურმის მოსავალი სენაკში ფერმერ ზაზა ხარშილავასაც გაუფუჭდა. როგორც მან East fruit-თან საუბრისას განაცხადა, ხურმის მოსავალი სოკოვანი დაავადებებისგან ისე განადგურდა, რომ ფაქტობრივად, გასაყიდი რაოდენობა ვერ მოიწია. „ბაღი შევწამლე შესაბამისი ქიმიკატებით, თუმცა ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო. როგორც ჩანს, ამის გაკეთება უფრო დიდი ინტენსივობითაა საჭირო. მათ შორის აუცილებელია ახლოს მდებარე ტერიტორიების შეწამვლაც“,-განაცხადა ზაზა ხარშილავამ.
მისივე ინფორმაციით, მარტვილის რაიონში მან მხოლოდ ერთი ბაღი ნახა ხურმის კარგი მოსავლით, დანარჩენი ფერმერები კი ანალოგიურ პრობლემას უჩივიან.